ნიკა ხორხელი თბილისის „იბერიაში” ითამაშებს #1TVSPORT
ნიკა ხორხელი თბილისის „იბერიაში” ითამაშებს #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ შემტევი ნიკა ხორხელი ერთწლიანი იჯარით თბილისის „იბერიაში“ ითამაშებს, – ინფორმაციას წყალტუბოს გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკა ხორხელისთვის საქართველოს ჩემპიონი უცხო გუნდი არაა. მართალია, კარიერა „დინამო თბილისის“ აკადემიაში დაიწყო, მაგრამ მანამდე რამდენიმე წელი „იბერიას“ („საბურთალოს“) საფეხბურთო აკადემიაში ვარჯიშობდა. 23 წლის შემტევი ნახევარმცველი უკვე შეუერთდა „იბერიას“ თურქულ შეკრებაზე.

ნიკა „დინამო თბილისის“ აკადემიაში ხვიჩა კვარაცხელიასთან, ზურიკო დავითაშვილსა და ანრი მექვაბიშვილთან ერთად იზრდებოდა. თავისი ასაკის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი იყო და ასაკობრივი ნაკრებების ღირსებას იცავდა. პროფესიული კარიერა ბოლნისის „სიონში“ დაიწყო, შემდეგ წყალტუბოს „სამგურალში“ გადავიდა, საიდანაც 2024 წლის თებერვალში ისრაელის უმაღლესი ლიგის კლუბმა, იერუსალიმის „ბეითარმა“ მიიწვია.

ხორხელი რამაზ სვანაძის ფორმაციის იმ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, რომელიც ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე რვა საუკეთესო გუნდს შორის გასვლა მოახერხა.