ნიკა კენჭაძე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT
ნიკა კენჭაძე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში დღეს 57, 65, 79 და 92 კილოგრამი წონითი კატეგორიების თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ასპარეზობენ.

საქართველოს სახელით ხალიჩაზე გოგა ძიგუა (57კგ), ედემი ბოლქვაძე (65კგ), ნიკა კენჭაძე (79კგ) და ირაკლი მწითური (92კგ) გამოვიდნენ, საიდანაც ნახევარფინალში მხოლოდ კენჭაძე გავიდა.

ქართველი ფალავანი ფინალში გასასვლელად ირანელ სპორტსმენს შეხვდა და მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებით დამარცხდა. ნიკა ბრინჯაოს მედლისთვის ხვალ იჭიდავებს. ტურნირზე რეპაშაჟიდან ბრინჯაოს მედლის შანსს ირაკლი მწითური იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ მისი დამმარცხებელი ირანელი მოჭიდავე ფინალში გასვლას შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირზე წარმატებულად იასპარეზა და დღეს ფინალში იჭიდავებს ქართველი მძიმეწონოსანი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი. ნახევარფინალში მან ყაზახი სპორტსმენი 10:0 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ირანელ ზარეს შეხვდება.

ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ავთანდილ კენჭაძე (74კგ), რომელიც ნახევარფინალში სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე ოს სალკაზანოვთან დამარცხდა. ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე დაიწყება.