ნიკა კალანდარიშვილი კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ნიკა კალანდარიშვილი ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი გახდა, ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„მინდა, გულშემატკივრებს მივმართო, რომ მოუთმენლად ველი მათთან შეხვედრას. დარწმუნებული ვარ, წინ ძალიან საინტერესო საფეხბურთო თავგადასავალი გველის – ჩემპიონობის დროა“, – ასე მიმართა „სამგურალის“ ყოფილმა მარცხენა მცველმა ბათუმის „დინამოს“ ქომაგებს.
ნიკა კალანდარიშვილი 26 წლისაა. კარიერა 2017 წელს გორის „დილაში“ დაიწყო. შემდეგ კი ოთხი წელი ირლანდიაში გაატარა, სადაც რანგით მეორე ლიგის კლუბებში, „ათლონ თაუნსა“ და „კაბინტილში“ გამოდიოდა.
2021 წელს კალანდარიშვილი საქართველოში დაბრუნდა და წყალტუბოს „სამგურალის“ ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა დასრულებული სეზონის მეორე წრის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
კალანდარიშვილმა „სამგურალი“ დეკემბრის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.