ნიკა კაჭარავამ „გაგრაში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა – ის გუნდში მეხუთე „ჯვაროსანია“ #1TVSPORT
ნიკა კაჭარავამ „გაგრაში“ სადებიუტო მატჩი ჩაატარა — გამოცდილმა თავდამსხმელმა გუნდის ფორმა პირველად ეროვნული ლიგის მე-9 ტურში, თბილისის „იბერიასთან“ (0:1) შეხვედრაში მოირგო.
31 წლის ფეხბურთელი ბოლოს ლიეტუვაში თამაშობდა. ცნობილი ქართველი მწვრთნელის, კახაბერ კაჭარავას შვილმა კარიერა „დინამო თბილისი 2“-ში დაიწყო. 2012 წლის გაზაფხულზე კლუბი დატოვა და რამდენიმე თვე შვეიცარიის ჩელენჯ ლიგის „კიასოში“ ვარჯიშობდა. სათამაშო პრაქტიკის მისაღებად სამოყვარულო გუნდ „ვანდიშში“ გაანათხოვრეს.
კაჭარავას „გაგრაშიც“ აქამდე უთამაშია — შვეიცარიაში დაბრუნების იმედი რომ გადაეწურა, 2012 წლის ზაფხულში პირველ ლიგაში მოასპარეზე „გაგრას“ შეუერთდა. ამის შემდეგ ითამაშა ყაზანის „რუბინის“ დუბლშემადგენლობაში, ცხინვალის „სპარტაკში“ (2015-16 წლების სეზონის პირველ ნახევარში უმაღლეს ლიგაში ყველაზე მეტი, 13 გოლი გაიტანა), რუსეთის „როსტოვში“, კვიპროსულ „ეთნიკოს ახნაში“ (16 გოლით 2016-17 წლების სეზონში კვიპროსის ჩემპიონატის მესამე ბომბარდირი გახდა), პოლონურ „კორონა კიელცეში“, ფამაგუსტას „ანორთოსისში“, სამხრეთ კორეის „ჯეონამ დრაგონსში“, ქუთაისის „ტორპედოში“, ლიეტუვის „პანევეჟისში“ და ბოლოს კვიპროსის მეორე დივიზიონის კლუბ „სპარტაკოს კიტიუმში“.
„გაგრაში“ ნიკა 2025 წლის თებერვალში ჩაირიცხა, თუმცა ეროვნულ ლიგაში სადებიუტო შეხვედრა მხოლოდ ახლა ჩაატარა. გამოცდილმა თავდამსხმელმა 2016-2020 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში 24 მატჩი გამართა და 3 გოლი გაიტანა.
საინტერესოა, რომ კაჭარავა მეხუთე ფეხბურთელია „გაგრაში“, რომელსაც საქართველოს ნაკრებში უთამაშია. მასთან ერთად გუნდის შემადგენლობაში არიან ლევან გეგეჭკორი, გიორგი რეხვიაშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და მათე ცინცაძე.