„ანორთოსისის“ ფანებმა თავისი გაიტანეს - მეტოქის გოლის აღნიშვნისთვის კაჭარავა გუნდიდან გაუშვეს #1TVSPORT
„ანორთოსისის“ ფანებმა თავისი გაიტანეს - მეტოქის გოლის აღნიშვნისთვის კაჭარავა გუნდიდან გაუშვეს #1TVSPORT

სრულიად უწყინარი ვიდეოს გამო ნიკა კაჭარავას ჯერ უსიამოვნება შეხვდა, შემდეგ კი „ანორთოსისიდან“ გაუშვეს. ფამაგუისტელთა ქართველი თავდამსხმელი გურამ კაშიასთან ერთად იმყოფებოდა ნიქოზიას სტადიონზე, სადაც გიორგი ქვილითაიას, თორნიკე ოქრიაშვილისა და მურთაზ დაუშვილის „აპოელი“ კვიპროსის ჩემპიონატის მოქმედ ჩემპიონს, „ომონიას“ შეხვდა და 4:2 დაამარცხა, ქვილითაიამ მეტოქეს გოლიც გაუტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

ყველაფერი დაიწყო კაშიას ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ვიდეოთი, სადაც ის კაჭარავასთან ერთად ქვილითაიას გოლს აღნიშნავდა. ამან „აპოელისადმი“ მტრულად განწყობილი „ანორთოსისის“ ფანები გააღიზიანა და ქართველი თავდამსხმელის გუნდიდან გარიცხვა მოითხოვეს.

„ანორთოსისის“ გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ქართველ თავდამსხმელს გუნდის სტადიონზე აღარ შეუშვებენ და რომ მას უცხო სხეულად მიიჩნევენ. ნიკა კაჭარავა იძულებული გახდა კომენტარი გაეკეთებინა და მომხდარი ასე ახსნა, რომ ქვილითაიას გოლზე კაშიას გაუღიმა, რადგან ის ბავშვივით ზეიმობდა.

ეს ახსნა საკმარისი არ გამოდგა. ფანებმა კიდევ ერთხელ, ამჯერად კატეგორიულად მოითხოვეს ქართველის გაშვება და „ანორთოსისის“ ადმინისტრაცია იძულებული გახდა, მათი მოთხოვნა დაეკამყოფილებინა.

„ჩვენი გუნდის ფეხბურთელ ნიკა კაჭარავასა და კომპანიის მენეჯმენტის დელეგაციას შორის გამართულ შეხვედრაზე მოთამაშეს მიეცა საშუალება გამოეხატა თავისი პოზიცია კვირას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ფეხბურთელმა აღიარა საკუთარი შეცდომა, მოინანია თავისი საქციელი და ბოდიში მოიხადა „ანორთოსისის“ ფანებისთვის მიყენებული უსიამოვნებისთვის. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ფეხბურთელს უნდა მიეცეს სავარჯიშო შვებულება და რომ თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის პროცესი ურთიერთშეთანხმებით უნდა დაიწყოს“, – წერია კლუბის განცხადებაში.

კომენტარი გააკეთა „ანორთოსისის“ წარმომადგენელმა დიმიტრი ქრისტოფერუმ და კაჭარავასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გამოთქვა:

„პრობლემამ წარმოუდგენელი მასშტაბები მიიღო. გარკვეულწილად ეს გასაგებია, მაგრამ, ალბათ, მეტისმეტია, რაც ახლა ხდება. თუმცა, როდესაც აღშფოთებამ ამ მასშტაბებს მიაღწია, ადმინისტრაციამ საკთხის მოგვარება ვეღარ შეძლო. ასე მოხდა. ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ პოზიცია და დაკონკრეტება აღარ გვსურს. კონტრაქტის გაწყვეტის პროცესი იწყება და გვინდა ყველაფერი მშვიდად იყოს, რათა ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც ორმხრივად მომგებიანი იქნება. მხოლოდ ის გვინდა ვუთხრათ ფანებს, რომ მათ გრძნობებს არ შეიძლება იგნორირება გაუკეთონ მათ, ვინც ამჟამად გუნდს ხელმძღვანელობს. „ანორთოსის“ ფანების გრძნობებისადმი პატივისცემა უნდა გამოავლინოს ნებისმიერმა, ვინც გუნდს წარმოადგენს – ეს განხილვას არც ექვემდებარება“.