ნიკა გვარამია - წავალ პოლიტიკაშიც, საზოგადოებრივ მოძრაობებშიც, ყველგან, სადაც ივანიშვილის დასამარება მიმდინარეობს
ნიკა გვარამია - წავალ პოლიტიკაშიც, საზოგადოებრივ მოძრაობებშიც, ყველგან, სადაც ივანიშვილის დასამარება მიმდინარეობს

წავალ პოლიტიკაშიც, საზოგადოებრივ მოძრაობებშიც, ყველგან, სადაც ივანიშვილის დასამარება მიმდინარეობს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პროკურატურასთან განაცხადა, სადაც ბრალის გასაცნობად გამოცხადდა. მისი თქმით, საუკეთესო ტელევიზიას მაინც გააკეთებს.

„მე გავყიდე ჩემი ბინა და მქონდა თავისუფალი სახსრები იმისთვის, რომ მეყიდა ახალი. მთელმა „რუსთავი 2“-მა იცის, რომ ჩემი მიტანილი ფულით მოხდა ხელფასების დარიგება. ეს ამბად გავრცელდა „რუსთავი 2“-ში და ნამდვილად ასე მოხდა. ამის სანაცვლოდ დამიბრუნეს ბინით და ამის ყველა საბუთი არსებობს. სესხის ხელშეკრულებაც, ფულის შეტანის ჩეკიც, ვალის დაბრუნების საბუთიც ბინების სახით. თქვენ, ნაბიჭვრებო, გაქვთ ეს საბუთები. როგორ ბედავთ ჩემთვის დაბრალებას რამის მოპარვის, თქვე ნაბიჭვრებო. კორუფცია და ქურდობა არის ჩემი წითელი ხაზი, არ გაპატიებთ, არც იმას ვინც ეს დებილობა წაიკითხა პირდაპირ ეთერში. თუ ეს ბრალი უნდა წაგეყენებინათ, ოთხი საათი რომ მკითხავთ, რატომ ერთი შეკითხვა არ დამისვით ამ ბინებზე? თქვე ნაბიჭვრებო“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ საქართველოში არის რუსული ტიპის დიქტატურა.

„მე არ ვაპირებ შემოვიფარგლო მხოლოდ ტელევიზიით, თუ მას გავაკეთებ – საუკეთესოს, მიუხედავად იმისა, ჩამსვამენ, არ ჩამსვამენ. მაინც გავაკეთებ საუკეთესოს. მაგრამ მე მონაწილეობას მივიღებ ყველა პლატფორმაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დააზარალებს. ეს არ არის ჩემი არჩევანი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის არჩევანი, დღეს პროკურატურის განცხადებით შემომითვალა, რომ მე ვარ მისი მთავარი მოწინააღმდეგე აქ, ამ მიწაზე და მე ვიღებ ამ გამოწვევას. მე წავალ პოლიტიკაშიც, წავალ საზოგადოებრივ მოძრაობებშიც, ყველგან, სადაც ბიძინა ივანიშვილის დასამარება მიმდინარეობს. მოვუწოდებ ყველას, დროა გაერთიანების. საქართველოში არის დიქტატურა, ხდება ზუსტად ის, რაც ხდება რუსეთში. საქართველოში დამყარდა რუსული ტიპის დიქტატურა, უზურპატორი უნდა წავიდეს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ პროკურატურასთან.

პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ჯერ არ არის ცნობილი მთავარი პროკურატურა აღკვეთის რა ღონისძიების გამოიყენებს „რუსთავი 2“ -ის ყოფილი გენერალური დირექტორის მიმართ.