ნიკა გვარამია - ციხის საავადმყოფოში არ არიან სანიტრები და მათ ფუნქციას პატიმრები ასრულებენ, რომელთაც სრული ხელმისაწვდომობა ექნებათ მიხეილ სააკაშვილთან
ნიკა გვარამია - ციხის საავადმყოფოში არ არიან სანიტრები და მათ ფუნქციას პატიმრები ასრულებენ, რომელთაც სრული ხელმისაწვდომობა ექნებათ მიხეილ სააკაშვილთან

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სრულიად გამორიცხავენ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას.

„ჩვენი ინფორმაციით, თეა წულუკიანმა 2019 წლის ნოემბერში ციხის საავდმყოფოში გააუქმა ქირურგიის, ანესთეზიის, რეანიმაციის და ხანგრძლივი მოვლის განყოფილებები. მთავარ ექიმად ორი დღის წინ დაინიშნა მანანა ელეფტეროვა, რომელიც მანამდე ციხის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე იყო. ციხის საავადმყოფოში არის ასევე ორი ქირურგი, მათ შორის ერთი, კოტე ჭანტურია სასჯელს იხდიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისულებაში ყოფნის დროს ბავშვის გატაცებაზე, ჩვენი ინფორმაციით და მისი მეუღლე გახლავთ კახეთის რეგიონში „ოცნების“ კოორდინატორი. ქირურგს აქვს პირადი ინტერესთა კონფლიქტი სააკაშვილის ხელისუფლებასთან და პირადად სააკაშვილთან“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფოში არის ორი თერაპევტი, სამი ინფექციონისტი, ერთი ვენეროლოგი, ოთხი ექთანი მიმღებში და რენტგენს იღებს ლაბორანტი პორტატული აპარატით.

„სასწრაფო წესით ხდება ფუნქციური საწოლებისა და სარეანიმაციო აპარატების განთავსება საოპერაციო ბლოკში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, აღნიშნული აპარატურა ვერ გახდება ფუნქციონალური სააკაშვილის შესაძლო გადაყვანამდე. ამას გარდა, ამ დაწესებულებას არ აქვს ლიცენზია ამ მომსახურების შესახებ. ულიცენზიო დაწესებულებაში განიხილავენ სააკაშვილის გადაყვანას. ასევე, არ არსებობენ ამ დაწესებულებაში კომპეტენტური პირები, ვინც სამედიცინო მომსახურებას განახორციელებს.

დღეს კლინიკა „ვივამედმა“ დაგვიდასტურა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა ხელშეკრულება ორი წლის წინ გააფორმა და ყოველწლიურად მათთან ორი ათასამდე პატიმარი მკურნალობს, მათ შორის მოშიმშილე პატიმრები. კლინიკაში არის ორი ფსიქიატრი, 40-ზე მეტი ფსიქიკურად დაავადებული პატიმარი, აქედან უმრავლესობა გადის ე.წ. არანებაყოფლობით მკურნალობს, რაც ნიშნავს, რომ ისინი არიან ფსიქოზიანი პატიმრები, მიდრეკილი აგრესიული და ძალადობრივი ზემოქმედებისკენ. ეს ფაქტორები წარმოადგენენ საშიშროებას მიხეილ სააკაშვილისთვის.

დღეს ციხის საავადმყოფოში არ არიან სანიტრები და მათ ფუნქციას პატიმრები ასრულებენ. ამ პატიმრებს ექნებათ სრული ხელმისაწვდომობა მიხეილ სააკაშვილთან. სრულიად გამოვრიცხავთ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას. ვფლობთ ინფორმაციას იმიტირებული ბუნტის შესახებ. სააკაშვილი უნდა იყოს მუდმივი სტრესის ქვეშ და ე.წ. შუმოკით უზრუნველყოფენ ამას“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.