ნიკა გვარამია - ჩემი ამოცანა და მისია ივანიშვილის ამ ქვეყნიდან წასვლა ან ციხეში მოხვედრაა
ნიკა გვარამია - ჩემი ამოცანა და მისია ივანიშვილის ამ ქვეყნიდან წასვლა ან ციხეში მოხვედრაა

თუ დამაკავეს, ეს იქმება დროებით ჩემი განეიტრალება, მაგრამ ივანიშვილის განეიტრალება ბევრად ახლოს მოიწევს, მე ეს მაწყობს, ჩემი ამოცანა და მისია ივანიშვილის ამ ქვეყნიდან წასვლა ან ციხეში მოხვედრაა, – ამის შესახებ პროკუტატურიდან გამოსვლის შემდეგ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, მას ბრალი მეუღლის მანქანასთან დაკავშირებით წარუდგინეს, რომელიც განვადებით იყო ნაყიდი და გადაუხდელობის გამო, მის საკუთრებაში არ არის.

„ეს არის მანქანა, რომელიც მე არ მიყიდია. ვინც იყიდა აქ არის, ჩემი ძაღლი არა, ჩემი მეუღლე, რომელიც საერთოდ დაკითხული არ არის. პროკურატურას ჩვევაში აქვს უკვე, რომ მე არ დამკითხოს და ისე წამიყენოს ბრლი. იქნებ რამე განსაკუთრებული მტკიცებულება მაქვს ან საერთოდ ვაღიარებ ბრალს. საქმე ისაა, რომ ეს მანქანა ნაყიდი მაქვს. პროკურატურასთან ერთადერთი კითხვა მქონდა, რომ რაც თვითონ მოიგონეს ბრალი, ეს ვარიანტიც რომ არ დამეტოვებინა და პრემიის სახით ამეღო მანქანა ან თანხა და მერე ეს მანქანა მეყიდა, რას შვრებოდნენ? დანაშაულოს შემადგენლობა ხომ არ დგებოდა მათი აზრის სტანდარტითაც კი.ამაზე ცხადია პასუხი არ არის. ეს მანქანა ჩემი საკუთრება არ იყო, ჯერ არ მქონდა ნაყიდი, განვადებ მქონდა და ვერ გადავიხადე, დავაბრუნე და ვიხდი ჯარიმას. ეს არის მთელი ისტორია“, – განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, ბრალი რომ წარედგინათ იმაზე, რომ „პორშეს“ ცენტრს ეს მანქანა ძალით ჩაადებინა სარეკლამო ბიუჯეტში, რათა შემდეგ ეყიდა და „რუსთავი 2“-საც შემოსავალი ჰქონოდა, ეს უფრო რელევანტური იქნებოდა.

„აღმოჩნდა, რომ ბრალი სხვა არის. საქართველოს პროკურატურა არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, სამწუხაროდ. ვწუხვარ, მაგრამ ამ ახალგაზრდა ბიჭებსაც ვინც ბრალს მიყენებს და იცის, რომ ამას უკანონოდ აკეთებს, ვხედავ ციხეში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, თუ დააკავეს, ეს იქნება დროებით მისი განეიტრალება.

„მაგრამ ივანიშვილის განეიტრალება ბევრად ახლოს მოიწევს, მე ეს მაწყობს, ჩემი ამოცანა და მისია ივანიშვილის ამ ქვეყნიდან წასვლა ან ციხეში მოხვედრა. დიდი აზრი ამას არ აქვს, ქვეყნისთვის როგორც ჯობია, ისე მოვიქცევი ყოველთვის, არა მხოლოდ ივანიშვილის შემთხვევაში. როგორც უნდა, ისე მოიქცეს, მაგრამ მთავარი ის არის, ვინ გაიმარჯვებს ბოლოს და ეს მე ვარ, რა თქმა უნდა“, – განაცხადა გვარამიამ.

ამასთან, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „რუსთავი 2“ მალე დაიხურება, რაზეც ის არ იდარდებს.

„ახალი ბრალის წარდგენა ქმნის საფუძველს, რომ „რუსთავი 2“-ის გაკოტრების საფუძველი შეიქმნას. ეს საფუძველი მალე იქნება და „რუსთავი 2-ს დახურავენ. ეს კომპანია უკვე იხურებოდა და მისი დაქირავებული მფლობელიც კი ვერ გააჩერეს. ყადაღა დაადეს ქონებას, რომ უბრალოდ ვერ გაეყიდა. საქართველოში შემთხვევით ყადაღა არაფერს ედება სასამართლოს მიერ, მაგრამ ახლა საჭიროა, რომ ვიღაცას დაბრალდეს. უკვე მესამე ეპიზოდით დამძიმდა ბრალი. მე არ ვიდარდებ ბევრს ამ კომპანიის დახურვაზე, რადგან ვიცი, მოვა დრო, როდესაც მფლობელი დაიბრუნებს და იქ იმუშავებენ ის ადამიანები, ვინც დღეს ნამდვილად ღირსია იქ მუშაობის, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის, მე ჩემი ტელევიზია მაქვს. „რუსთავი 2“-ს თავისი მოდავეები ჰყავს. იფიქრონ იმათ, ვინც ყველაფერი გაყიდეს „რუსთავი 2“-ის გამო, სინდისის ჩათვლით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას დღეს პროკურატურამ ახალი ბრალდება 76 700 ევროდ ღირებული ავტომანქანა „პორშეს“ ეპიზოდზე წარუდგინა.

დატოვე კომენტარი