ნიკა გვარამია - არა, გენაცვალე, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ბევრად მეტი ვარ, მე ვარ „რუსთავი 2“-ის დირექტორი
ნიკა გვარამია - არა, გენაცვალე, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ბევრად მეტი ვარ, მე ვარ „რუსთავი 2“-ის დირექტორი

არა, გენაცვალე, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ბევრად მეტი ვარ, მე ვარ „რუსთავი 2“-ის დირექტორი, – განუცხადა ჟურნალისტებს ნიკა გვარამიამ. მისი თქმით, ძალადობისა და შურისძიების მომხრე არ არის.

„მივესალმები, თუ ივანიშვილს ვინმე ბოლომდე შეუსრულებს, ძალიან გამიხარდება, მაგრამ ჩემს როლს რაც შეეხება, მე ვარ „რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი, რამდენიც უნდა იღლიცინონ და არ უნდა ილაპარაკონ „ქოცებმა“ ან სხვა ვიღაც ტელევიზიებმა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვარ. არა, გენაცვალე, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ბევრად მეტი ვარ, მე ვარ „რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი და მისი დირექტორი. მე ვერავინ დამაბრალებს, რომ ვინმეზე მიძალადია, მე ყოველთვის თავდაცვის დროს ვპასუხობ. თავდაცვა ვიცი ძალიან კარგად, თავდაცვის დროს ვარ ძლიერი, მაგრამ არასდროს არავის ვესხმი. მძულს ძალადობა და ვგმობ. თუ გაინტერესებთ, ახლა სახელმწიფო გადატრიალების ამბავი ხდება და კურსში ვარ თუ არა, სახელმწიფო გადატრიალება ამ ქვეყანაში მოხდა 90-იან წლების დასაწყისში და იმის მერე წელში ვერ გაიმართა ეს ქვეყანა.

მე დაზარალებული ვარ იმ სახელმწიფო გადატრიალებით, ამიტომ არასდროს, არანაირ სახელმწიფო გადატრიალებას მხარს არ დავუჭერ და დარწმუნებული ვარ, რომ არც იგეგმება და არც იქნება. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიმართვას, კი, ბატონო, ვინმემ ამ კაცს უნდა შეუსრულოს, ივანიშვილს ვგულისხმობ უნდა შეუსრულოს და ჩამოაცილოს ხელისუფლებას. ანგარიშსწორების, შურისძიებისა და ძალადობის მომხრე არ ვარ არც ახლა და არც ამ რეჟიმის შეცვლის მერე. არც შურისძიების მომხრე ვარ, მათ შორის, იმ ადამინების მიმართ, ვინც ჩემ წინააღმდეგ ჩაიდინა მართლა დანაშაულებრივი ქმედებები“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქლაივის“ დროს განაცხადა, რომ უნდა იყვნენ „შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე“.