ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალდება, ფულის გათეთრება დაუმატა
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალდება, ფულის გათეთრება დაუმატა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას პროკურატურაში ახალი ბრალის დადგენილება გააცნეს.

ნიკა გვარამია ახალი ბრალის წარდგენას მის მიერ დაფუძნებულ ტელეკომპანია „მთავარ არხს“ უკავშირებს.

ნიკა გვარამიამ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მას კიდევ სხვა მუხლითაც დაუმძიმეს ბრალდება, რომელიც პროკურატურას ბრიფინგზე არ უთქვამს.

„პირდაპირ საოცრებაა ხდება დღევანდელ პროკურატურაში. 194-ე მუხლი, ფულის გათეთრებაა ახალი ბრალდება. ოღონდ ვეღარ დავადგინე, ფული თუ იყო და გათეთრდა, ე.ი. ყოფილა ფული და თუ არ იყო, მაშინ რა გათეთრდა, ცოტა უნდა გაარკვიოს პროკურატურა. მართლა, სასაცილოდ იხდის საქმეს და თან ახლა ჩემთან არ შეიძლება ეგეთი თამაშები. მიზანი არის მთავარი არხი, ეს მიზანი ვერ იქნება დაზიანებული. ფულის გათეთრება დამატებულია სავარაუდოდ იმიტომ, რომ მე გამიჭირდეს კომუნიკაცია ინვესტორებთან. უკრაინაში მჭირდებოდა ინვესტორებთან წასვლა და არ გამიშვეს რამდენიმე დღის წინ, თუმცა მაინც შევძელი მათთან ინტერნეტთათბირი“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ იმ უძრავ ქონებებთან დაკავშირებით, რომელიც პროკურატურის განცხადებაში იყო ნათქვამი, მშენებელ კომპანიას ჰქონდა დავალიანება და ამ კომპანიის მიერ რეკლამის განთავსებაზე იყო საუბარი.

„ბოდიში ყველასთან, კოლეგებო, მაგრამ მიზეზი არის მთავარი არხის მიკროფონი. დღეს ვარ აბსოლუტურად ემოციებისგან დაცლილი, მშვიდი, რამდენიმე მიზეზის გამო. პროკურატურისგან მომდის ანეკდოტები, მოგონილი ისტორიები, რომელიც ბუნებაში არ ყოფილა.

მეუბნებიან, რომ ფული, რომელიც იყო, არ ყოფილა, მერე რა, რომ ბანკში შეტანის საბუთი არსებობს. რა უნდა ვუპასუხო ასეთ სისულელეს. ნიკა გვარამიასგან „ქართული ოცნება“ თუ გააკეთებს ნელსონ მანდელას, მეც დიდი სიამოვნებით მივიღებ ამას. როგორ მთავრდება ეს ისტორიები ყველამ კარგად ვიცი“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას დღეს ახალი ბრალი წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გვარამიას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.