ნიკა გაგნიძეს დანიური და ამერიკული კლუბები იწვევენ - „კოლოსმა“ ბოლო მატჩში „შახტარი“ დაამარცხა #1TVSPORT
ნიკა გაგნიძეს დანიური და ამერიკული კლუბები იწვევენ – კოვალივკის „კოლოსის“ ქართველ ლეგიონერზე ინფორმაცია უკრაინული სპორტული არხის (ТаТоТаке) წამყვანმა გაავრცელა.
„კოვალივკის „კოლოსის“ ნახევარმცველმა, ნიკა განიძემ, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში უკრაინა დატოვოს – ქართველი ნახევარმცველით ორი უცხოური კლუბია დაინტერესებული. ქართველი ფეხბურთელთან დაკავშირებით მოლაპარაკებას დანიური „მიდტიულანდი“ და ამერიკული „ნიუ ინგლენდი“ (MLS) აწარმოებენ. ტრანსფერთან უფრო ახლოს ამერიკული კლუბია“.
გაგნიძე „კოლოსში“ 2024 წლის ზაფხულში გორის „დილადან“ გადავიდა, კოვალივკელებმა ქართულ კლუბს 300 ათასი ევრო გადაუხადეს. მიმდინარე სეზონში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა 24 მატჩი ჩაატარა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
„კოლოსმა” უკრაინის ჩემპიონატის ბოლო მატჩში ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარი“ 1:0 დაამარცხა და მე-5 ადგილზეა. ზურაბ რუხაძემ და ნიკა გაგნიძემ „კოლოსის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს, ხოლო აზაროვი „შახტარის“ სასტარტოში იყო.