ნიკა ამაშუკელი რაგბის მსოფლიო თასზე იმსაჯებს #1TVSPORT
ნიკა ამაშუკელი რაგბის მსოფლიო თასზე იმსაჯებს #1TVSPORT

მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი იმსაჯებს. 1987 წლიდან რაგბის მსოფლიო თასი მეათედ ტარდება და აქამდე არასდროს მომხდარა, რომ იქ ტიერ 2 სარაგბო ქვეყნის წარმომადგენელს ემსაჯა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასზე 19 მსაჯი იქნება – 12 მოედნის და 7 კიდის. მსოფლიო თასზე ამაშუკელი სწორედ 12 რჩეულს შორის, მოედნის მსაჯადაა მიწვეული.

„ოცნება ასრულდა, ვინც თვალს ადევნებს ჩემს კარიერას, იცის, რა სირთულეები გამოავიარე და ადამიანურად ბედნიერი ვარ. არა მხოლოდ შრომა, ყოველწამიერი ფიქრი დამიფასდა. მოხვდე მსოფლიო თასზე ცენტრალურ მსაჯად ტიერ 2-ის ქვეყნიდან, თანაც 28 წლის ასაკში, იოლი არ არის. თითქმის ყველა ტოპმსაჯი, რომელსაც მსოფლიო იცნობს, თავის პირველ მსოფლიო თასზე გვერდითი მსაჯის რანგში წავიდა. მხოლოდ უეინ ბარნსი მახსენდება, რომელმაც 2007 წლის მსოფლიო თასზე, 28 წლისამ, ცენტრში იმსაჯა.

მოუთმენლად ველოდები მსოფლიო თასის დაწყებას, დიდი პატივია ჩვენი ქვეყნის სახელის დაცვა ეროვნულ ნაკრებთან ერთად. ვეცდები, ვიყო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. ქართულმა სამსაჯო კომიტეტმა ისტორიული ფურცელი ჩაწერა. ეს არა მხოლოდ ქართული, არამედ, ზოგადად, ტიერ 2 სარაგბო ქვეყნების დიდი გამარჯვებაა“, – განაცხადა ნიკა ამაშუკელმა.