ნიკ კირგიოსს 16-კვირიანი პირობითი დისკვალიფიკაცია მისცეს
ნიკ კირგიოსს 16-კვირიანი პირობითი დისკვალიფიკაცია მისცეს

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ნიკ კირგიოსმა სერიოზული სანქციები მიიღო აგვისტოში, ცინცინატის მასტერსზე კარენ ხაჩანოვთან მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის გამო. ის შეხვედრა კირგიოსმა წააგო. ავსტრალიელმა მატჩის დროს არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება მთავარი მსაჯის მუშაობის გამო. ავსტრალიელმა მას იდიოტი უწოდა, მისი მიმართულებით გადააფურთხა და უარი თქვა ხელის ჩამორთმევაზე.

მაშინ, ამ საქციელის გამო, კირგიოსი 113 ათასი დოლარით დააჯარიმეს, ახლა კი ცნობილი ხდება, რომ ჩოგბურთელს 16-კვირიანი პირობითი დისკვალიფიკაცია მისცეს და ახალი ჯარიმაც დაუწესეს – 25 ათასი დოლარი. ამას ემატება ნახევარწლიანი გამოსაცდელი ვადა. ეს ინფორმაცია პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) გაავრცელა.

უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში, კირგიოსმა სანიმუშო ქცევით უნდა გამოიჩინოს თავი, რათა დისკვალიფიკაცია არ ამოქმედდეს. ჩოგბურთელს ხუთი დღე აქვს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის. დისკვალიფიკაციის ათვლა 30 სექტემბერს იწყება.

კირგიოსისთვის ცუდი ამბები ამით არ მთავრდება. ავსტრალიელმა უარი თქვა აზიური ტურნირების სერიაზე და სამშობლოში დაბრუნდა. ამის მიზეზი ლავიწის ძვლის დაზიანებაა.

„სამწუხაროდ, ლეივერის თასზე მიღებული ტრავმა გართულდა და მაიძულა დამეტოვებინა აზია. ავსტრალიაში ვბრუნდები სამკურნალოდ და დასასვენებლად. მალე შევხვდებით“, – დაწერა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე კირგიოსმა.

ამ კვირას, ჩოგბურთელმა ჩინეთის ჟუჰაის ტურნირში აიღო სტარტი, მაგრამ პირველივე წრეში დამარცხდა იტალიელ ანდრეას სეპისთან – 6:7, 1:6.