Reuters - ნიგერიაში, „ბოკო ჰარამის“ მებრძოლებმა 2013 წლიდან დღემდე, სულ მცირე ათასი ბავშვი გაიტაცეს
Reuters - ნიგერიაში, „ბოკო ჰარამის“ მებრძოლებმა 2013 წლიდან დღემდე, სულ მცირე ათასი ბავშვი გაიტაცეს

ნიგერიაში მოქმედმა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ბოკო ჰარამმა“ 2013 წლიდან მოყოლებული დღემდე სულ მცირე ათასი ბავშვი გაიტაცა, თუმცა, ეს რიცხვი შესაძლოა გაცილებით დიდი აღმოჩნდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით ავრცელებს.

განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ, ქვეყნის ჩრდილოეთით მცხოვრები მოზარდები არიან. მათი გატაცებით ტერორისტები შიშის გავრცელებასა და საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირებას ცდილობენ.

14 აპრილს 4 წელი გადის მას შემდეგ, რაც „ბოკო ჰარამმა“ ჩიბოკის სკოლიდან 276 გოგონა გაიტაცა. მათი უმეტესობა 2017 წელს გაათავისუფლეს. ტყვეობიდან გათავისუფლებულები ჰყვებიან, რომ მათ რადიკალებთან ქორწინებას აიძულებდნენ და მუდმივად განიცდიდნენ სექსუალურ ძალადობას.

ბოლო წლებში „ბოკო ჰარამის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმებს 2295 მასწავლებლის სიცოცხლე ემსხვერპლა და განადგურდა 1400-მდე სკოლა.

თებერვალში მორიგი თავდასხმის დროს, ისლამისტებმა ქალაქ დაფჩიდან 100-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს. თუმცა, ერთი თვის შემდეგ მათი უმეტესობა ხელისუფლებასთან ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში, გაათავისუფლეს. სახლში დაბრუნება ხუთმა გოგონამ ვერ შეძლო. ისინი ტყვეობაში გარდაიცვალნენ.