„ნიჟნი ნოვგოროდმა“ კვირკველიას მიმართ ინტერესი არ დაადასტურა #1TVSPORT
„ნიჟნი ნოვგოროდმა“ კვირკველიას მიმართ ინტერესი არ დაადასტურა #1TVSPORT

რუსეთის პრემიერლიგაში დაწინაურებული „ნიჟნი ნოვგოროდის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, იგორ კუდრიაშოვმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ლოკომოტივიდან“ საბა კვირკველიას დამატებას აპირებს.

კვირკველიასთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. ეს ინფორმაცია ჩვენთვის სიახლეა აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ეს უკავშირდება ფეხბურთელის წარმომადგენლების სურვილს, შეგვახსენონ ფეხბურთელი, ვისაც გუნდთან კონტრაქტი უმთავრდება“, – განაცხადა კუდრიაშოვმა Match TV–სთვის მიცემულ ინტერვიუში.

„ნიჟნი ნოვგოროდის“ დაინტერესებაზე ინფორმაცია Sport24-მა გაავრცელა. 29 წლის ქართველ ფეხბურთელს მოსკოვის „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. რუსული გამოცემის მტკიცებით, „ნიჟნი ნოვგოროდი“ მოსკოვური კლუბის ქართველი მცველის შეძენის ვარიანტს განიხილავდა.

გასული სეზონი ქართველმა ლეგიონერმა ვოლგოგრადის „როტორში“ იჯარით გაატარა. მის აქტივში 19 მატჩი და ერთი საგოლე პასია. „ნიჟნი ნოვგოროდი“ გასულ სეზონში რუსეთის პირველი ლიგის გამარჯვებული გახდა და პრემიერლიგაში დაწინაურდა, გუნდის მთავარი მწვრთნელი „სევილიას“, „ზენიტისა“ და რუსეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ალექსანდრე კერჟაკოვია.

გუნდში დასრულებულ სეზონში ბექა ქავთარაძე თამაშობდა, რომელიც ახალ სეზონში ვოლგოგრადის „როტორს“ „თელავის“ მცველთან, ილია ბერიაშვილთან ერთად შეუერთდა. ამჟამად, „ნიჟნი ნოვგოროდში“ მხოლოდ ერთი ქართველი თამაშობს – 24 წლის მარცხენა მცველი ლეო გოგლიჩიძე.