ნიდერლანდებში, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ზომები ისევ გამკაცრდა
ნიდერლანდებში, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ზომები ისევ გამკაცრდა

ნიდერლანდებში, „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო, ზომები ისევ გამკაცრდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს განცხადებით, ქვეყნის სამ დიდ ქალაქში: ამსტერდამში, როტერდამსა და ჰააგაში მდგომარეობა საგანგაშოა და დაუყონებლივ ქმედებას ითხოვს.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ ვირუსს უკეთ გამოსდის“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმა სიტყვით გამოსვლის დროს.

ახალი რეგულაციების მიხედვით, მოქალაქეები ვალდებულნი იქნებიან, პირბადეები ატარონ. რესტორნები და ბარები 22:00 საათზე დაიხურება, სახლებში ოთხ ადამიანზე მეტის სტუმრობა აიკრძალება. სპორტული ღონისძიებები ისევ მაყურებლების გარეშე ჩატარდება. ასევე, ქვეყნის მასშტაბით დისტანციურად მუშაობის მოდელი ისევ ამოქმედდება.

ნიდერლანდებში ბოლო დღეების განმავლობაში დღიურად „კოვიდ-19“-ის 3 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

დატოვე კომენტარი