ნიდერლანდებში გამგზავრებამდე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „შევარდენის“ ბაზაზე ივარჯიშა #1TVSPORT
ნიდერლანდებში გამგზავრებამდე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „შევარდენის“ ბაზაზე ივარჯიშა #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნიდერლანდებთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩისთვის ემზადება. გერმანიასთან მოგებული (75:12) თამაშის შემდეგ „ბორჯღალოსნებმა“ ერთი დღე აღდგენით ვარჯიშს დაუთმეს, 7 თებერვლიდან კი „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე განაგრძეს მზადება.

8 თბერვალს ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა, რომლის დამთავრების შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა და გიორგი კვესელაძემ მომავალ დაპირისპირებასა და გუნდის მზადებაზე ისაუბრეს.

ლევან მაისაშვილი: გერმანიასთან მატჩის შემდეგ სულ ორჯერ ვივარჯიშეთ. დღევანელი ვარჯიში უფრო მაღალი ინტენსივობით ჩავატარეთ. გერმანიასთან მატჩის შემდეგ შემადგენლობაში როტაციას მივმართეთ, ბევრი მოთამაშე შევცვალეთ. მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ, მომდევნო თამაში პირველზე უკეთესი იქნება.

გიორგი კვესელაძე: ვფიქრობ, ნიდერლანდებს უკეთესი ნაკრები ჰყავს, ვიდრე გერმანიას. ვნახეთ მათი თამაშები, ბოლომდე ჩართული ვართ მოსამზადებელ პროცესში, ვცდილობთ, ვარჯიშებზე იმაზე მეტი ინტენსივობა იყოს, ვიდრე თამაშზე იქნება. ყველაფერი კარგად მიდის და ვიმედოვნებთ, რომ მომავალ შეხვედრას სრულად მომზადებულნი შევხვდებით და სასურველ შედეგს მივაღწევთ“.

საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებში 9 თებერვალს გაემგზავრება.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის 11 თებერვალს, ამსტერდამში თბილისის დროით 16:15 საათზე დაიწყება.