ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, მიზეზად ავღანეთიდან ევაკუაციის დროს მთავრობის არასათანადო ქმედებები სახელდება
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, მიზეზად ავღანეთიდან ევაკუაციის დროს მთავრობის არასათანადო ქმედებები სახელდება

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, სიგრიდ კააგმა თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზი ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში ნიდერლანდების მთავრობის ქმედებები გახდა. მედიის ცნობით, კააგმა გადადგომის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ნიდერლანდების პარლამენტის ქვედა პალატამ მას უნდობლობა გამოუცხადა.

დეპუტატებმა გააკრიტიკეს ქვეყნის მთავრობის რეაგირება „თალიბანის“ შეტევაზე და ათასობით ავღანელის უსაფრთხო ევაკუაციის არასათანადო მომზადებისთვის.

„პალატამ გადაწყვიტა, რომ მინისტრთა კაბინეტის მოქმედებები უპასუხისმგებლო იყო. მინისტრი უნდა წავიდეს, თუ მისი პოლიტიკა უარყოფილია“, – განაცხადა კააგმა.

ნიდერლანდების სამხედრო თვითმფრინავებით აგვისტოში ავღანეთიდან მეზობელ ქვეყნებში დაახლოებით 2 100 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. აქედან 1 700-მდე პირი ნიდერლანდებში ჩაიყვანეს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ნიდერლანდების ასობით მოქალაქე, მათ შორის ბევრი წარმოშობით ავღანელი, ავღანეთში დარჩა, რადგან ქაბულის აეროპორტამდე მისვლა ვერ შეძლეს.