ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირი ჯანდაცვის მინისტრს დაუპირისპირდა - ეს ჩვენი ფეხბურთისთვის უდიდესი დარტყმა იქნება
ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირი ჯანდაცვის მინისტრს დაუპირისპირდა - ეს ჩვენი ფეხბურთისთვის უდიდესი დარტყმა იქნება

„ნიდერლანდებში სპორტული ღონისძიებები უმაყურებლოდ უნდა ჩატარდეს მანამ, სანამ კორონავირუსის ვაქცინას არ დაამზადებენ“ – ეს ნიდერლანდების ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა უგო დე იონგმა განაცხადა.

ჰოლანდიის პარლამენტისადმი გაგზავნილ წერილში მან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამზადების აუცილებლობა ახსენა: „ჩვენ ჯერ ვერ დავასახელებთ იმ თარიღს, როდესაც მასობრივი ღონისძიებები დასაშვები იქნება. ალბათ, ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, როდესაც კორონავირუსის ვაქცინას დაამზადებენ. მაგრამ არავინ იცის, მის წარმოებას რა დრო დასჭირდება. რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, ეს მალე მოხდება. მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ ვაქცინის დამზადებას წელიწადი ან უფრო მეტიც დასჭირდეს.“

ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელობამ არ დამალა, რომ დე იონგის განცხადებით გაოცებულები დარჩნენ – ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ წინადადების დამტკიცება უდიდესი ფინანსური დარტყმა იქნება.

„ჩვენ გაოგნებულები ვართ – ფეხბურთი მაყურებლის გარეშე დიდხანს თუ გაიმართება, ეს პროფესიული საფეხბურთო ინდუსტრიისთვის სერიოზული ფინანსური დარტყმა იქნება. მთავრობასთან ამის შესახებ მოლაპარაკება გვაქვს, რადგან ჰოლანდიური კლუბების შემოსავლები მატჩებზე დასწრებაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, დღევანდელი გზავნილი ჩვენთვის სრული სიურპრიზი იყო“, – ვკითხულობთ ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირის განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღიათ და რომ ეს ერთ-ერთი ვარიანტია. შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ჩემპიონატი შეწყდა. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით ​41 000 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 5 228 გარდაიცვალა.