ნიდერლანდების ნაკრების გმირი ბრაიან ბრობი - თავდამსხმელი, ვის გამოც გიორგი მიქაუტაძე „აიაქსში“ არ ათამაშეს #1TVSPORT
ნიდერლანდების ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფის მეორე ტურში შვედეთი 5:1 დაამარცხა, „სანდერლენდის“ თავდამსხმელმა, ბრაიან ბრობიმ დუბლი შეასრულა და მატჩის ერთ-ერთი გმირი გახდა.
ნიდერლანდების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა მსოფლიო ჩემპიონატის სტარტზე, იაპონიასთან მატჩში (2:2) „სანდერლენდის“ თავდამსხმელს დანიელ მალენი ამჯობინა, ბრობი კი მხოლოდ თამაშის ბოლოს შეიყვანა, მალენმა თავი ვერ გამოიჩინა, ნიდერლანდებმა კი ორბურთიანი უპირატესობა დათმო.
შვედეთთან მატჩში ბრობი ძირითად შემადგენლობაში იყო (პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე) და 17 წუთში დუბლი შეასრულა.
ბრობი „აიაქსის“ აკადემიის აღზრდილია. მან ერთი სეზონი „ლაიფციგში“ გაატარა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. „აიაქსმა“ მისი ტრანსფერი „ლაიფციგიდან“ დაახლოებით 16 მილიონ ევროდ გამოისყიდა და ფეხბურთელმაც სათანადოდ დაუფასა – მისი საერთო სტატისტიკა შთამბეჭდავია: 163 მატჩი, 56 გოლი და 24 საგოლე გადაცემა.

„აიაქსში“ ბრობი მიქაუტაძის კონკურენტი იყო და მის გამო ქართველს შეზღუდული სათამაშო დრო ჰქონდა. მიქაუტაძემ ჩრდილში ყოფნას გუნდიდან წასვლა ამჯობინა.
ნიდერლანდურმა კლუბმა 2025 წლის ზაფხულში ბრობი „სანდერლენდში“ 20 მილიონ ევროდ გაუშვა, სადაც ის ძირითადი თავდამსხმელი გახდა, კლუბმა კი 53-წლიანი პაუზის შემდეგ ევროტურნირის საგზური მოიპოვა.
საინტერესოა, რომ ბრობის ნახევარძმა, დერიკ ლუკასენი კვიპროსულ „პაფოსში“ თამაშობს და განის ნაკრების წევრია. ის მსოფლიო ჩემპიონატზე განელთა წინასწარ განაცხადში არ იყო, თუმცა ტურნირის დაწყებამდე მისი კონკურენტი დაშავდა და მის ნაცვლად ლუკასენი გამოიძახეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრობის შეძენით მიუნხენის „ბაიერნი“ ინტერესდება და თუ იგი მუნდიალზე თავს გამოიჩენს, შესაძლოა, ბუნდესლიგაში უფრო წარმატებული სეზონები ჩაატაროს.