NHL-მ კვირის საუკეთესო ჰოკეისტები დაასახელა
NHL-მ კვირის საუკეთესო ჰოკეისტები დაასახელა

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა.

პირველი ვარსკვლავი გახდა „ვაშინგტონის“ კაპიტანი ალექსანდრ ოვეჩკინი. მან სამ მატჩში რვა შაიბის გატანა მოახერხა. რუსმა ვეტერანმა ზედიზედ ორ მატჩში შეასრულა ჰეთ-თრიკი. ასეთი რამ მის კარიერაში მესამედ მოხდა. ამ მატჩების შემდეგ, ოვეჩკინს კარიერაში 692 შაიბა დაუგროვდა, გაუსწრო ტეემუ სელიანესა და მარიო ლემიეს და გაუთანაბრდა სტივ აიზერმანს, რომელთან ერთადაც, ყველა დროის საუკეთესო გოლეადორთა სიაში მეცხრე ადგილს იყოფს.

მეორე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო „კოლამბუსის“ მეკარემ ელვის მერზლიკინსმა. მან სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამივე მოიგო, საშუალოდ თამაშში 0.67 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 98.2 პროცენტი მოიგერია. ლატვიელმა დებიუტანტმა ზედიზედ ორ მატჩში შეასრულა „შათაუტი“ – „ვეგასისა“ და „ბოსტონის“ წინააღმდეგ.

კვირის მესამე ვარსკვლავია „ჩიკაგოს“ ფორვარდი ჯონათან ტეივზი, რომელმაც ოთხ მატჩში ცხრა ქულა დააგროვა – სამი გოლი და ექვსი შედეგიანი გადაცემა. კანადელს საუკეთესო მატჩი „ტორონტოს“ (6:2) წინააღმდეგ ჰქონდა, რომელშიც ოთხი ქულა (2+2) დააგროვა. ტეივზს კარიერაში 799 ქულა (341+458) აქვს.