ნენსი პელოსი ოპონენტებზე თავდასხმებისთვის 11 სექტემბრის ტერაქტების გამოყენების გამო დონალდ ტრამპს აკრიტიკებს
ნენსი პელოსი ოპონენტებზე თავდასხმებისთვის 11 სექტემბრის ტერაქტების გამოყენების გამო დონალდ ტრამპს აკრიტიკებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, დემოკრატი კონგრესმენი ნენსი პელოსი ოპონენტებზე პოლიტიკური თავდასხმებისთვის 11 სექტემბრის ტერაქტების გამოყენების გამო დონალდ ტრამპს აკრიტიკებს.

12 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელა ვიდეორგოლი, რომლის ავტორებიც მიანიშნებენ, რომ მუსლიმი კონგრესმენი ილჰან ომარი 11 სექტემბრის ტერაქტების მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობს. ვიდეოში ტერაქტის კადრებთან ერთად გამოყენებულია კონგრესმენის სიტყვით გამოსვლის ფრაგმენტი, რომელშიც ის 11 სექტემბერთან დაკავშირებით ამბობს ფრაზას – „ვიღაც ადამიანებმა რაღაც ჩაიდინეს“.

„ჩვენ არასდროს დავივიწყებთ“, – დაწერა დონალდ ტრამპმა ვიდეოს გამოქვეყნებასთან ერთად.

„11 სექტემბრის ხსოვნა წმინდაა და ნებისმიერი კამათი ამ საკითხზე უნდა წარიმართოს პატივისცემით. პრეზიდენტმა არ უნდა გამოიყენოს ტკივილის გამომწვევი გამოსახულებები პოლიტიკური თავდასხმებისთვის“, – დაწერა მოგვიანებით ნენსი პელოსიმ ასევე „ტვიტერში“.

როგორც „როიტერი“ წერს, მარტში მუსლიმი უფლებადამცველების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ილჰან ომარმა განაცხადა, რომ აშშ-ში მუსლიმები საკუთარ თავს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად გრძნობენ. ომარის თქმით, ისლამის ყველა მიმდევარი, მათ შორის თავად ის, ამისგან დაიღალა. 11 სექტემბრის ტერაქტებზე საუბრისას ომარმა აღნიშნა, რომ „ვიღაც ადამიანებმა რაღაც ჩაიდინეს და ჩვენ ყველამ დავიწყეთ ჩვენი სამოქალაქო თავისუფლებებისადმი წვდომის დაკარგვა“.