ნემსაძე გორის „დილაში“ მიდის
ნემსაძე გორის „დილაში“ მიდის

გიორგი ნემსაძემ გორის „დილასთან“ შეთანხმებას მიაღწია და „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ გუნდს გაწვრთნის. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ყოფილი ფეხბურთელი „დილას“ ხელმძღვანელობასთან ყველა საკითხზე შეთანხმდა. მის ასისტენტად ლაშა ჭელიძე იმუშავებს, რომელიც ნემსაძეს „შევარდენშიც“ ეხმარებოდა.

გიორგი ნემსაძისთვის ეს მესამე გუნდია, რომელსაც ავარჯიშებს. თავიდან იგი საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, 2019 წლიდან ჩაიბარა „შევარდენი 1906“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც გახლდათ, ახლა კი გორის „დილას“ აუტსაიდერთა ზონიდან თავის დაღწევაში დაეხმარება. გორის „დილა“ 25 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფება და გუნდის მთავარი ამოცანა ქვეყნის უმთავრეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა.

საგულისხმოა, რომ წელს „შევარდენის“ თავკაცის რანგში მას 17-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. „ლიგა 2“-ში „შევარდენი“ ნემსაძისა და ჭელიძის ტანდემმა მეორე ადგილზე დატოვა.

გიორგი ნემსაძე არის საქართველოს ნაკრების, თბილისის „დინამოსა“ და შოტლანდიური „დანდის“ ყოფილი კაპიტანი.