ნემსაძე, არველაძე და მერებაშვილი - „აიაქსთან“ საიუბილეო მატჩისთვის თბილისის „დინამოს“ კიდევ სამი წევრის ვინაობა გახდა ცნობილი #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ და ამსტერდამის „აიაქსის“ ლეგენდების შეხვედრის კიდევ სამი მონაწილე გახდა ცნობილი, – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
პირველია გიორგი ნემსაძე – „დინამოს“ ყოფილი კაპიტანი, რომელიც კლუბთან ერთად ხუთჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, სამჯერ მოიგო ქვეყნის თასი და ერთხელ – სუპერთასი. სწორედ მისი კაპიტნობით მოიპოვა თბილისურმა გუნდმა 2004 წელს უეფა-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება.
არჩილ არველაძე თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული შემტევია. „დინამოს“ მაისურით ეროვნულ ჩემპიონატში 63 მატჩში 37 გოლი გაიტანა. ოთხჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და ოთხჯერ – თასის მფლობელი.
თამაშში მონაწილეობას მიიღებს თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი დინამოელი, გიორგი მერებაშვილიც. მან „დინამოს“ რიგებში 221 მატჩი ჩაატარა და 69 გოლი გაიტანა. სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, სამჯერ – თასის და ორჯერ – სუპერთასის მფლობელი.
ქართული კლუბის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით „დინამო თბილისი“ ამსტერდამის „აიაქსის“ ლეგენდებს 19 ოქტომბერს „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდება.