ნეიმარს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ
ნეიმარს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდ ნეიმარს გაუპატიურებაში სდებენ ბრალს, – წერს ბრაზილიური გაზეთი „გლობოესპორტი“ (GloboEsporte).

დაზარალებულმა გოგონამ სან პაულუს პოლიციას ორი დღის წინ მიმართა, არადა, ინციდენტი 15 მაისს, პარიზის სასტუმრო „სოფიტელ პარიზში“ (Sofitel Paris) მოხდა.

ამ დღეს, ნეიმარის თანაგუნდელს მარკინიოსს დაბადების დღე ჰქონდა. გოგონა ამ დღესთან დაკავშირებით, სპეციალურად ჩაფრინდა ბრაზილიიდან საფრანგეთის დედაქალაქში.

დაბადების დღის აღნიშვნისას, გოგონა და ნეიმარი მარტო დარჩნენ, ამასთან, ფეხბურთელი უკვე შესამჩნევად ნასვამი იყო. მსხვერპლის თქმით, ისინი საუბრობდნენ, მაგრამ რაღაც მომენტში – „ნეიმარი აგრესიული გახდა და ძალადობრივი მოქმედებით, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, გამაუპატიურა“.

გოგონა იმდენად გაოგნებული დარჩა მომხდარით, რომ პოლიციას არ მიმართა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც 17 მაისს დატოვა პარიზი და ბრაზილიაში დაბრუნდა, მივიდა სან პაულუს პოლიციაში და ჩვენება მისცა.

ნეიმარის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ გაოცებულნი არიან ამგვარი ბრალდებით. ფეხბურთელი, ამჟამად, ბრაზილიის ნაკრების ბანაკშია და კოპა ამერიკასთვის ემზადება.