ნეიმარი ტრავმის გამო კიდევ ერთ თვეს დაისვენებს #1TVSPORT
ნეიმარი ტრავმის გამო კიდევ ერთ თვეს დაისვენებს #1TVSPORT

ნეიმარმა მორიგი ტრავმა მიიღო – „სანტოსის“ პრეზიდენტის, მარსელო ტეიშეირას განცხადებით, ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი მოედანს მინიმუმ ნოემბრამდე ვერ დაუბრუნდება.

ნეიმარის მუდმივი ტრავმები როგორც „სანტოსისთვის“, ასევე, ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისთვის დიდი პრობლემაა. საეჭვოა, შეძლებს თუ არა 33 წლის ფეხბურთელი მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატისთვის ფორმაში შესვლას.

ნეიმარმა მიმდინარე ბრაზილიის ჩემპიონატში ტრავმების გამო არაერთი მატჩი გამოტოვა. კაპიტანი გუნდს მნიშვნელოვან პერიოდში გამოაკლდა – „სანტოსი” 27 ქულით მე-16 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონამდე მხოლოდ 5 ქულა აშორებს.

ნეიმარის შესახებ კომენტარი ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ გააკეთა:

„მინდა, რომ ნეიმარი თამაშებისთვის 100%-ით მზად იყოს. თუ ფიზიკურად მწყობრში იქნება, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას შეძლებს. ტექნიკური თვალსაზრისით მის შესაძლებლობებზე საუბარიც კი ზედმეტია. მისი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ მზად იყოს ივნისისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება თუ არა განაცხადში ოქტომბერში, ნოემბერსა თუ მარტში“.