ნეიმარი - პარიზთან შეგუება გამიჭირდა, ჩემპიონატთან - არა
ნეიმარი - პარიზთან შეგუება გამიჭირდა, ჩემპიონატთან - არა

ფრანგული ტელევიზიისთვის (Canal+) მიცემულ ინტერვიუში, „პარი სენ-ჟერმენისა“ და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი ნეიმარი აცხადებს, რომ საფრანგეთის ჩემპიონატს ადვილად შეეგუა, თუმცა ქალაქთან შეგუება ოდნავ გაუჭირდა.

„ფრანგულ ლიგასთან შეგუება უფრო ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. სირთულეებს უფრო ქალაქთან შეგუებისას წავაწყდი, თუმცა ახლა პარიზში ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში“, – ამბობს ნეიმარი.

ფეხბურთელმა ასევე ისაუბრა იმ ხმებზე, რომელთა მიხედვით მისით „რეალ მადრიდია“ დაინტერესებული.

„სპეკულაციები ყოველთვის იყო და არის. რაც ფეხბურთელი გავხდი, მას მერე სულ მიდის საუბარი, რომ ხან ერთ გუნდში გადავდივარ, ხან მეორეში. კონკრეტული არასდროს არაფერი ისმის ხოლმე. შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, როგორც კი რამე გადაწყდება, ამას ჩემგან გაიგებთ“, – ამბობს ბრაზილიელი.

ბოლო ტურში, „გენგამის“ წინააღმდეგ მატჩში (9-0), ნეიმარმა დუბლი შეასრულა.

„პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში ბრაზილიელმა უკვე 33 მატჩი ჩაატარა და 32 გოლი გაიტანა.