ნეიმარი ჯერ ისევ გეგმავს ამ ზაფხულს „ბარსელონაში“ დაბრუნებას
ნეიმარი ჯერ ისევ გეგმავს ამ ზაფხულს „ბარსელონაში“ დაბრუნებას

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი კვლავაც იმედოვნებს ამ ზაფხულს „ბარსელონაში“ დაბრუნებას. ამის შესახებ გამოცემა „მუნდო დეპორტივოს“ ორშაბათის ნომრის პირველ გვერდზე წერია.

ნეიმარი გასული წლის ზაფხულში ახლოს იყო „ბარსელონაში“ დაბრუნებასთან, რომელშიც 2013-17 წლებში თამაშობდა, მაგრამ კლუბები ფასზე ვერ შეთანხმდნენ. კორონავირუსის პანდემიამ აიძულა „პარი სენ-ჟერმენი“ 150 მილიონ ევრომდე დაეგდო 28 წლის ბრაზილიელის ფასი, რაც შეიძლება აწყობდეთ კატალონელებს.

„მუნდო დეპორტივო“ ამტკიცებს, რომ ნეიმარი მაქსიმალურად არის განწყობილი ლა ლიგაში გადასასვლელად. ამასთან, ფორვარდს არ სურს პსჟ-სთან სკანდალითა და ხმაურით დაშორება.

ნეიმარმა 2017 წლის ზაფხულიდან მოყოლებული პარიზულ კლუბში 80 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 69 გოლი გაიტანა და 39 შედეგიანი პასი შეასრულა. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.