ნეიმარი - ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ნაკლები უნდა ილაპარაკონ და მეტი ისმინონ
ნეიმარი - ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ნაკლები უნდა ილაპარაკონ და მეტი ისმინონ

საფრანგეთის თასის ფინალში რენთან დამარცხების შემდეგ, პარი სენ-ჟერმენის ბრაზილიელმა ლეგიონერმა ნეიმარმა განაცხადა, რომ გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ნაკლები უნდა ილაპარაკონ და მეტად უსმინონ ასაკით უფროს მოთამაშეებს.

ფინალურ მატჩში პირველი გოლი დანი ალვეშმა გაიტანა, ნეიმარმა კი ანგარიში ორამდე გაზარდა. მიუხედავად ამისა, ბრეტონელებმა დარჩენილ დროში წონასწორობის აღდგენა მოახერხეს, შემდეგ კი თერთმეტმეტრიანების სერიაში 6-5 გაიმარჯვეს.

„გასახდელში უფრო მამაკაცებივით უნდა მოვიქცეთ და უფრო მეტად გავერთიანდეთ, როგორც გუნდი. ვუყურებ ახალგაზრდა ფეხბურთელებს და მგონია, რომ ზოგიერთი მათგანს ენა უფრო უჭრის, ვიდრე ყუტი. პირიქით უნდა იყოს. ზოგჯერ, უფრო გამოცდილი ფეხბურთელი რომ ლაპარაკობს, ისინი ენას უბრუნებენ. მწვრთნელი საუბრობს და აწყვეტინებენ. ასე გუნდი შორს ვერ წავა“, – ამბობს ნეიმარი.

ამასობაში კი ჰატემ ბენ არფა, რომელიც ამჟამად რენში თამაშობს და თავის ყოფილ კლუბ პარი სენ-ჟერმენს სასამართლოში უჩივის, მეტოქის მისამართით რამდენიმე არასასიამოვნო სიტყვის თქმის შანსი ხელიდან არ გაუშვა.

„ეს ჩემი საუკეთესო ჯილდოა“, – განაცხადა ბენ არფამ, – „ჩვენ მატჩი შემოვატრიალეთ, თუმცა პარი სენ-ჟერმენი ამას მიჩვეულია“.

პარიზული გრანდი წელს სამ ჯილდოს უმიზნებდა, თუმცა მხოლოდ ერთით, საფრანგეთის ჩემპიონობით უწევს დაკმაყოფილება.