„ნეფთჩის“ მწვრთნელი და კაპიტანი „დინამოსგან“ სიურპრიზებს არ გამორიცხავენ - ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციის მატჩი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
„ნეფთჩის“ მწვრთნელი და კაპიტანი „დინამოსგან“ სიურპრიზებს არ გამორიცხავენ - ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციის მატჩი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

დღეს, საღამოს ბაქოს „ბაქსელ არენაზე“ „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს „ნეფთჩისთან“ განმეორებით მატჩს ჩაატარებს. შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს თბილისში შეხვედრა „დინამოს“ უპირატესობის მიუხედავად, ბაქოელებმა მოიგეს – 1:2.

„დინამო“ ბაქოშია

აზერბაიჯანის დედაქალაქში „დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ 22 ფეხბურთელი წაიყვანა.

მეკარეები: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ლუკა კუტალაძე

მცველები: ნოდარ იაშვილი, საბა ხვადაგიანი, საიმონ ბენიო, სანდრო კალანდაძე, დავით კობოური, ლევან ხარაბაძე

ნახევარმცველები: ფაბიან სპორქსლედე, გიორგი პაპავა, გიორგი კუცია, ანზორ მექვაბიშვილი, ნოდარ ქავთარაძე, მილან რადინი, თორნიკე მორჩილაძე, ბაქარ ქარდავა, გიორგი ჩხეტიანი

თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა, ზორან მარუშიჩი, თორნიკე ახვლედიანი, ბარნს ოსეი

ცხადაძე მოგებას იმედოვნებს

„დინამოს თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანულ მხარეს უთხრა, რომ თბილისში წაგების მიუხედავად, „ნეფთჩისთან“ მოგებაზე ფიქრობს:

„ხვალ გაცილებით რთული იქნება, რადგან ორივე გუნდმა დაინახა ერთმანეთის სისუსტეები, ახლა კი შევეცდებით ამით ვისარგებლოთ. პირველი მატჩის შედეგის მიუხედავად, ვერ ვიტყოდი, რომ „ნეფთჩი“ ჩვენზე ძლიერია. კარში 8-ჯერ დავარტყით და მეკარემ შვიდი მათგანი მოიგერია. ჩვენ ორი უხეში შეცდომა დავუშვით და მარცხის მიზეზი ეს გახდა. ხვალ ეს აღარ განმეორდება. თამაში უფრო რთული იქნება, რადგან მეტოქის სისუსტეები ორივე გუნდმა დავინახეთ. ამაზე დაწვრილებით არ ვისაუბრებთ, რადგან ორივე გუნდი შეეცდება ამით ისარგებლოს, მაგრამ ჩვენი მიზანი მოგებაა“ – აღნიშნა ცხადაძემ.

ბაქოელთა მწვრთნელის პრობლემები

ბაქოს „ნეფთჩის“ მთავარი მწვრთნელი სამირ აბასოვი იმ თაობის მოთამაშეა, როდესაც აზერბაიჯანული კლუბები ქართველებთან ძლიერი ლეგიონერების გარეშე თამაშობდნენ და მოგება ძალიან უჭირდათ.

მან თბილისურ მატჩშიც დაინახა, რომ მწირი ბიუჯეტის მიუხედავად, „დინამოს თბილისს“ ნიჭიერი და საინტერესო მოთამაშეები ჰყავს. მოგების მიუხედავად, კახა ცხადაძემ პირადად მას ტაქტიკური ბრძოლა მოუგო. გასაკვირი არ არის, რომ ნერვიულობს – „დინამოს“ დასაკარგი არაფერი აქვთ, ბაქოელებს კი ისეთი დიდი ბიუჯეტი გააჩნიათ, წაგებას არავინ აპატიებს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აბასოვის სიტყვების პრევენციად ჩანდა, რომ წაგების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ხელმძღვანელობისთვის გადაებრალებინა:

„დაძაბულობა უკვე იგრძნობა. ახლა უკვე ვხედავთ, პასუხისმგებლობის რამხელა ტვირთი გვაწევს. საქართველოში ვნახეთ, რამდენად ძლიერი და მომზადებული მოწინააღმდეგე გვყავს. თქვენ თვითონ იცით, რომ ისინი ჩემპიონატს აგრძელებენ. ანუ, ისინი სრულიად მზად არიან და ეს პირველ შეხვედრაში ვიგრძენით. „ნეფტჩის“ შევსება სჭირდება. ჩვენ ტრანსფერები გვჭირდება. თუ აქამდე ორი პოზიციის გამყარებას ვცდილობდით, ჩემპიონთა ლიგის თითოეულ მატჩში ვნახავთ, რომ კიდევ უფრო მეტი გაძლიერებაა საჭირო, რადგან ზოგიერთ პოზიციაზე მოთამაშეები უბრალოდ არ გვყავს. შემადგენლობის მხრივ ძალიან გვიჭირს. ჩვენ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომ სასურველი მოთამაშეები დავიმატოთ. ამჟამინდელი „ნეფთჩი“ ძალიან კარგ მდგომარეობაში არ არის – ამას ღიად ვიტყვი“, – განაცხადა აბასოვმა, ასე კი თავდაჯერებული მწვრთნელი არ ლაპარაკობს.

კაპიტნის მოულოდნელი მინიშნება

ბაქოელები რომ „დინამოსგან“ სიურპრიზებს არ გამორიცხავენ, ამაზე მათი კაპიტნის, ემინ მახმუდოვის კომენტარიც მეტყველებს: „თბილისში ბურთი ვერ გავაკონტროლეთ. ვფიქრობ, ახლა საკვალიფიკაციო ეტაპზე ბევრ პენალტების სერიას ვიხილავთ“.

მოლდოველი მსაჯები

ბაქოში „ნეფთჩისა“ და „დინამო თბილისის“ საპასუხო შეხვედრას მოლდოველ მსაჯთა ბრიგადა განსჯის – მთავარი არბიტრი დუმიტრი მუნტეანი გახლავთ. მას ასისტენტობას ვლად ლიფჩუ და ვადიმ ვიკოლი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი გაბრიელ ტუპიჩიკა იქნება.

მაყურებლები დაუშვეს

ამ მატჩამდე სამი დღით ადრე, აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციამ ქვეყნის ხელისუფლებას მიმართა, რომ აზერბაიჯანის კლუბებს საშინაო მატჩებზე გულშემატკივრების დასწრების უფლება მიეცათ და თანხმობა მიიღეს.

თუმცა, შეზღუდვები მაინც იმოქმედებს და „ბაკსელ არენის“ ტევადობის (15 000) მხოლოდ ნახევრის შევსება დაუშვეს.

ურთიერთშეხვედრები

საბჭოურ პერიოდში გუნდები ერთმანეთს არაერთხელ შეხვედრიან. ახლა კიდევ ერთი თამაში დაემატა და „დინამოს“ მხარეს დიდი უპირატესობაა – თბილისელები „ნეფთჩის“ 53-ჯერ შეხვდნენ, 25 მატჩი მოიგეს, 16 ფრედ დაასრულეს და 12 წააგეს.

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა „დინამოსა“ და „ნეფთჩის“ შორის ბაქოს „ბაქსელ არენაზე“ 14 ივლისს გაიმართება. წყვილში გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ შეხვდება, ხოლო დამარცხებული კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც ჰაიფასმაკაბისა“ და ყაზახურ „კაირატს“ შორის დამარცხებულს ეთამაშება.

ტელე და რადიორეპორტაჟები

„ნეფთჩი“-„დინამო თბილისის“ მატჩი 20:55 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (ფმ 102,3).