ნედელევის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ბულგარელთა ავარიის გამო მატჩის გადადება არ განიხილება #1TVSPORT
ნედელევის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ბულგარელთა ავარიის გამო მატჩის გადადება არ განიხილება #1TVSPORT

თბილისში ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი საქართველოსა ბულგარეთის ნაკრებების შორის არ გადაიდება – ინფორმაციას ბულგარული გამოცემა „ტრუდი“ ავრცელებს.

„ტოდორ ნედელევს თავის ქალა აქვს დაზიანებული თბილისში მომხდარი ავარიის შემდეგ. ავარია ორ ავტობუსს შორის სიჩქარის გადაჭარბების გამო, გვირაბში მოხდა.

ნედელევის მდგომარეობის შესახებ მშობლებს აცნობეს. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გუნდის ექიმმა, დოქტორმა ბისერ ბოჩევმა მთელი ღამე საავადმყოფოში გაატარა, რათა დააკვირდეს „ბოტევის“ ვარსკვლავის მდგომარეობას.

ბულგარეთის მთელი გუნდი სრულ შოკშია, მაგრამ ამ ეტაპზე ერთა ლიგაზე საქართველოსთან მატჩის გადადება გამორიცხულია. ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელობა იღებს ვალდებულებას სრული მხარდაჭერა გაუწიოს ნედელევს და სხვებს. საქართველოს წინააღმდეგ მატჩი კვირას გაიმართება“, – წერს გამოცემა „ტრუდი“.

ბულგარულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტოდორ ნედელევს თბილისში ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ტოდორ ნედელევის მდგომარეობა დასტაბილურდა. მთელი ღამე საავადმყოფოში ვიყავით, რადგან თავის ქალას ოპერაცია დასჭირდა. მადლობა ღმერთს, ავარიის დროს დელეგაციის წევრებმა ძალიან სწრაფი და ადეკვატური რეაგირება მოახდინეს, რაც გადამწყვეტი იყო ნედელევისთვის. შეუძლებელია ასეთი რამის აღწერა, თუ არ გამოგიცდია“, – განაცხადა იგნატოვმა ტელეკომპანია „ნოვაში“.

„ჩემი აზრით და ექიმების თქმით, თოდორ ნედელევის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ ასეთი სწრაფი რეაგირების წყალობით ყველაფერი უკვე კონტროლს ექვემდებარება. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზი არის ის, რომ სამ თვეში ნედელევი სრულად გამოჯანმრთელდება, მაგრამ ერთი კვირა მაინც თბილისში დარჩება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. ამის შემდეგ გადაიყვანენ ბულგარეთში და გააგრძელებს მკურნალობას. ფიზიკურად სხვა არავინ დაშავებულა“, – განაცხადა ბულგარელთა პრეს-სპიკერმა.

საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 12 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.