ნედელევი საავადმყოფოდან გაწერეს - ბულგარელი ფეხბურთელი საქართველოს მალე დატოვებს #1TVSPORT
საქართველოში მყოფი ბულგარეთის ნაკრების ნახევარმცველი ტოდორ ნედელევი საავადმყოფოდან გაწერეს – ინფორმაციას ბულგარული გამოცემა „გონგი“ ავრცელებს.
„ტოდორ ნედელევი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერეს, მას შემდეგ რაც ყველა პოსტოპერაციულ ტესტზე ნორმალური პასუხი აღმოაჩნდა. სწორედ ამიტომ, სამედიცინო ჯგუფმა მისი გადაყვანა საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში გადაწყვიტა“, – წერს „გონგი“.
ბულგარული გამოცემის ინფორმაციით, მოთამაშე ჯერ საბოლოოდ მაინც არ გამოჯანმრთელებულა.
„ნედელევი კიდევ რამდენიმე დღე დარჩება ეროვნული ნაკრების ექიმის ბისერ ბოჩევის მეთვალყურეობის ქვეშ და სავარაუდოდ, ბულგარეთში მომავალ ოთხშაბათს დაბრუნდება“.
ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების თავს გადამხდარი შემზარავი ინციდენტისა და ოპერაციის შემდეგ ტოდორ ნედელევის მეუღლემ ანიტა ტერზიისკამ სოციალურ ქსელში პირველი ფოტო გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ ნედელევი თბილისში ავარიაში მოყვა და თავის ქალა დაუზიანდა. მას სასწრაფოდ ურთულესი ოპერაცია დასჭირდა, რომელიც შოთა ინგოროყვამ ჩაუტარა და როგორც ბულგარელებმა აღიარეს, ამით ტოდორი სიკვდილს გადაარჩინა. მაგრამ ჯერ ტოდორის ჩვეულებრივი ტრანსპორტით გადაყვანა დაუშვებელია და ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაცია მას საგანგებოდ დაქირავებული ვერტმფრენით გადაიყვანს.
ნედელევი პლოვდივის „ბოტევში“ თამაშობს, რომელიც უეფა-ში გამართული წილისყრის შედეგად კონფერენს ლიგაზე გიორგი ქვილითაიასა და მურთაზ დაუშვილის „აპოელს“ შეხვდება. თუმცა, ბულგარეთის ნაკრების ნახევარმცველი გუნდს მინიმუმ სამი თვე ვერ დაეხმარება.