ნედ პრაისი - რუსეთს ვუპასუხეთ სწრაფად და გადამწყვეტად, ეს სანქციები ჩვენი რეაგირების დასაწყისია
ნედ პრაისი - რუსეთს ვუპასუხეთ სწრაფად და გადამწყვეტად, ეს სანქციები ჩვენი რეაგირების დასაწყისია

რუსეთს ვუპასუხეთ სწრაფად და გადამწყვეტად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

ნედ პრაისის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები მათი რეაგირების მხოლოდ დასაწყისია.

„უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაიწყო. დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებიდან რამდენიმე საათში, ვლადიმერ პუტინმა ამ რეგიონებში შეიარაღებულ ძალებს შეჭრისთვის ავტორიზაცია მიანიჭა. მან მიიღო უკრაინის სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმის სხვა ზომებიც. ჩვენ ვუპასუხეთ სწრაფად და გადამწყვეტად, ერთ დღეზე ნაკლებ დროში, გამოვაცხადეთ სანქციების პირველი ნაწილი, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ევროკავშირიდან, გაერთიანებული სამეფოდან, კანადიდან, იაპონიიდან და ავსტრალიიდან.

ჩვენმა გერმანელმა მოკავშირემ გუშინ მიიღო გადამწყვეტი ქმედება, რათა უზრუნველეყო, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენი, რომელშიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან 11 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა, განუსაზღვრელი დროით შეჩერდა. დღეს თქვენ ნახეთ, პრეზიდენტმა ბაიდენმა ავტორიზაცია გასცა სანქციებზე „ჩრდილოეთის ნაკადის 2“-სა და მის კორპორატიულ პირებზე. ახლა ჩვენ ვიღებთ დამატებით ქმედებებს, რათა უზრუნველვყოთ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას. მოკავშირეების კვალდაკვალ, გლობალური ფინანსური სისტემიდან ვბლოკავთ მსხვილ ბანკებს, რომლებიც დაკავშირებული არიან კრემლთან და რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან. ასევე, დამატებით სანქციები დავუწესეთ რუს ელიტას. ეს ჩვენი რეაგირების დასაწყისია“, – განაცხადა ნედ პრაისმა ბრიფინგზე.