NBC - ჯამალ ხაშოგის საქმეზე თურქეთის პოზიციის შესასუსტებლად, აშშ-ი ფეთჰულა ​გიულენის ექსტრადირებას განიხილავს
NBC - ჯამალ ხაშოგის საქმეზე თურქეთის პოზიციის შესასუსტებლად, აშშ-ი ფეთჰულა ​გიულენის ექსტრადირებას განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთისთვის მქადაგებელი ფეთჰულა გიულენის გადაცემის საკითხს განიხილავს, რომელსაც ოფიციალური ანკარა 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მოიაზრებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია NBC ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, გიულენის ექსტრადირებით ვაშინგტონს სურს, შეამსუბუქოს თურქეთის პოზიცია ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს მოკლეს. თურქეთი საუდის არაბეთისგან ამ საქმის გამოძიებასა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

NBC-ის ინფორმაციით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მიიღეს განკარგულება, ხელახლა აღძრან ფეთჰულა გიულენის ექსტრადირების საქმე, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი კი აშშ-ში მისი ლეგალურად ყოფნის სტატუსს გადაამოწმებს. ფეთჰულა გიულენი პენსილვანიის შტატში 1990 წლიდან ცხოვრობს.

საუდის არაბეთი აშშ-ის ძლიერი პარტნიორია რეგიონში. ორ ქვეყანას მილიარდიანი სავაჭრო შეთანხმებები აკავშირებს.

ჯამალ ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოს 2 ოქტომბერს ესტუმრა. მას შემდეგ Washington Post-ის ჟურნალისტი გაუჩინარდა, ოფიციალურმა ერ-რიადმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობა აღიარა.