NBA | სანდრო მამუკელაშვილმა „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) საქართველოს ნაკრების წევრის, სანდრო მამუკელაშვილის გუნდი „სან ანტონიო“ საკუთარ მოედანზე „გოლდენ სტეიტს“ შეხვდა და 113:117 დამარცხდა.

წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვანი სათამაშო დრო მიიღო მამუკელაშვილმა. სანდრომ მოედანზე 24:37 წუთი გაატარა, მის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლი იყო – 10 ქულა, 11 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა. ქართველმა კალათბურთელმა თამაშიდან 6-ჯერ ისროლა, საიდანაც 4 სროლა ზუსტი იყო, მან ასევე 2 დან 2 ჯარიმა ჩააგდო.

„სან ანტონიოს“ რიგებში 32 ქულით საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა გახლდათ, ხოლო „გოლდენ სტეიტში“ ყველაზე მეტი, 32 ქულა სტეფ კარიმ დააგროვა.

ამ მომენტისთვის „სან ანტონიოს“ 75-დან მხოლოდ 18 გამარჯვება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა.