ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეობის კანდიდატ ლევან თევზაძის გასაუბრებაზე ირაკლი შენგელიას ნათესაური კავშირის გამო, თვითაცილება უნდა დაეყენებინა
ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეობის კანდიდატ ლევან თევზაძის გასაუბრებაზე ირაკლი შენგელიას ნათესაური კავშირის გამო, თვითაცილება უნდა დაეყენებინა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. ამ დროისთვის, კითხვებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე ლევან თევზაძე პასუხობს.

სხდომის დაწყებამდე საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა კითხვით მიმართა კოლეგას, ირაკლი შენგელიას, მიიღებს თუ არა ის თევზაძესთან გასაუბრებაში მონაწილეობას.

ჯანეზაშვილის თქმით, შენგელიასა და თევზაძეს შორის არის ნათესაური კავშირი, რის გამოც შენგელიამ თვითაცილება უნდა დააყენოს. ამაზე შენგელიამ განაცხადა, რომ მისი მხრიდან კანონდარღვევას ადგილი არ აქვს, რის გამოც ის არ ჩამოშორდება პროცესს.

„გავიგეთ, რომ ჩემი მეუღლის ძმა არის და მე არაერთხელ გავაკეთე აღნიშნულ საკითხზე განმარტება, დღესაც ვაკეთებ. არანაირ კანონის დარღვევას ჩემი მხრიდან ადგილი არ აქვს. მე ვიქნები აქ და დავესწრები ამ პროცესს, დამისაბუთეთ ნორმა, რომელსაც ვარღვევ, ვერ დამისაბუთებთ. გუშინ გახლდათ აქ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელმაც ახსნა, რომ თვითონ მიიღო თავისი თავის დანიშვნაში მონაწილეობა და მისი ხმა იყო გადამწყვეტი. ნორმა დამისახლეწეთ, რომელს ვარღვევ“, – განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

ნაზი ჯანეზაშვილმა ირაკლი შენგელიას განუმარტა, რომ ორგანულ კანონში ინტერესთა კონფლიქტის შესახებ დეტალური ჩანაწერი არსებობს.

გასაუბრებაზე ლევან თევზაძემ განაცხადა, რომ აქვს საკმარისი განათლება და კომპეტენცია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე პრეტენზია განაცხადოს.

„განხილული მაქვს 1 000-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე. საქმეს ვასრულებ დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ჩემი ძალისხმევითა და კომპეტენციით. ვფიქრობ, დამიგროვდა გამოცდილება და მაქვს საკმარისი კომპეტენცია იმისათვის, რომ პრეტენზია განვაცხადო აღნიშნულ ვაკანსიაზე“, – განაცხადა ლევან თევზაძემ.