ნაზი ჯანეზაშვილი - ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია მოსამართლეთა ღია კონკურსით შერჩევა
ნაზი ჯანეზაშვილი - ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია მოსამართლეთა ღია კონკურსით შერჩევა

ჩვენი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს რამდენიმე ძირითად პრინციპს, მათ შორის არის მოსამართლეთა ღია კონკურსით შერჩევა, ინტერესთა კონფლიქტი, შერჩევის ფილტრი და კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილება,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ყველა წევრის აზრი  იყოს გათვალისწინებული.

„მე და ანა დოლიძე პარლამენტს ხვალ წარვუდგენთ საკანონმდებლო წინადადებას. წინადადება ეხება იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს არჩევა კანდიდატებისა, რომლებიც პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე დასანიშნად წარედგინება. ჩვენი ინიციატივით, უნდა შეიქმნას ერთგვარი ფილტრის მექანიზმი.  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატურების არჩევამდე უნდა მოხდეს ამ კანდიდატურების გადარჩევა  დამატებითი მექანიზმის მეშვეობით. ასევე ვთავაზობთ ინტერესთა კონფლიქტის სტანდარტებს. ეს გახლავთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს, გვრიტიშვილს და სხვა წევრებს, ვისაც შეიძლება მოუნდეთ, მომავალში იყვნენ კანდიდატებად დასახელებული, არ ჰქოდნეთ ამის უფლება, რადგან ისინი იმ ორგანოს წარმომადგენლები არიან ვინც ახდენს ნომინირებას. ამიტომ ვფიქრობ, ეს რამდენიმე ძირითადი პრინციპი უნდა იყოს გათვალისწინებული. მე და ანა დოლიძემ ვთქვით, რომ საბჭომ გადაწყვეტილებაუნდა მიიღოს კონსენსუსით რადგან ვფიქრობ, ეს არის ყველაზე საპასუხისმგებლო, რაც შეიძლება საბჭოს ჰქონდეს მიღებული თავის ისტორიაში. ეს არის მისთვის ახალი შესაძლებლობა, რომ უზენაესი სასამართლო დააკომპლექტოს“, -განმარტა ნაზი ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, ხვალ საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის შესახებ საკანონმდებლო წინადადებას პარლამენტს წარუდგენენ.