ნავასი რეალის დატოვებაზე ალაპარაკდა
ნავასი რეალის დატოვებაზე ალაპარაკდა

ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ვალენსია მადრიდის რეალს დაუპირისპირდა. მეკარე კეილორ ნავასს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ჰქონდა, რომ გუნდში თავისი პოზიცია განემტკიცებინა, მაგრამ ამ წაგებული მატჩის შემდეგ ლოს ბლანკოსის ძირითადი მეკარე შესაძლოა კვლავ ტიბო კურტუა გახდეს. ბელგიელმა ვალენსიასთან დაპირისპირება ტრავმის გამო გამოტოვა.

ესპანური გამოცემა მარკას ინფორმაციით, კოსტა-რიკელი ფეხბურთელი ერთ-ერთია, რომელმაც ზაფხულში შესაძლოა რეალი დატოვოს.

„თუკი ზიდანი მეტყვის, რომ ჩემთვის კლუბის დატოვება უკეთესი გადაწყვეტილება იქნება, მე ასეც მოვიქცევი. ჯერ-ჯერობით რეალთან კონტრაქტი მაკავშირებს. ამჟამად ჩვენს გუნდს რთული პერიოდი უდგას. ეს სეზონი მთლიანად ჩავაგდეთ, მოვლენები ისე ვერ განვითარდა, როგორც ვგეგმავდით. სტანდარტულად უნდა მოვიქცეთ – გავაანალიზოთ შეცდომები და წინსვლა განვაგრძოთ, ეს ნორმალური პროცესია. ცუდ შედეგებსაც მივეჩვიეთ, მაგრამ ყველაფერი კალაპოტში ჩადგება. მე მაინც ვიბრძოლებ ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად. შევეცდები, მწვრთნელი დავარწმუნო, რომ ამას ვიმსახურებ. ახლა ფეხბურთელების მიზანი ისაა, რომ დარჩენილი სეზონი ღირსეულად ჩავამთავროთ“, – ასეთი გახლდათ 32 წლის ნავასის კომენტარი შექმნილი ვითარების ირგვლივ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალს ლუკა ზიდანის, კეილორ ნავასისა და ტიბო კურტუას გარდა, კიდევ ერთი მეკარე ჰყავს, რომელიც ლეგანესშია განათხოვრებული – ეს გახლავთ ანდრეი ლუნინი.