ნავალოვსკი მინსკის „დინამოში“ ითამაშებს
ნავალოვსკი მინსკის „დინამოში“ ითამაშებს

გიორგი ნავალოვსკი მინსკის „დინამოს“ ფეხბურთელია, – ინფორმაცია ბელარუსული კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ევროპა ლიგის მონაწილე მინსკის „დინამო“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე 26 ივლისს სლოვაკურ „დუნაისკა სტრედას“ ხვდება, რომელმაც გათამაშებიდან თბილისის „დინამო“ გამოაგდო. ამ წყვილის გამარჯვებული კი მესამე ეტაპზე სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“ დაუპირისპირდება. წესით, მინსკელებმა ნავალოვსკის განაცხადში შეყვანა უნდა მოასწრონ.

საინტერესოა, რომ მინსკის „დინამო“ ბოლო წლებში გაძლიერდა და ორჯერ (2014/15 და 2015/16 სეზონებში) ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

32 წლის მარცხენა მცველი 2008 წლიდან საქართველოს ნაკრების წევრია და მისი ფორმით 31 თამაში ჩაატარა. გიორგიმ 14-წლიან კარიერაში ოთხ ქვეყანაში ითამაშა – საქართველოს გარდა, რუსეთში, აზერბაიჯანსა და საბერძნეთში. მინსკის „დინამო“ კი მისთვის მე-13 კლუბია.