ნატო ჩხეიძე მიიჩნევს, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის დღე არა 26 მაისს, არამედ 9 აპრილს უნდა იზეიმოს
ნატო ჩხეიძე მიიჩნევს, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის დღე არა 26 მაისს, არამედ 9 აპრილს უნდა იზეიმოს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ნატო ჩხეიძე მიიჩნევს, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის დღე 9 აპრილს უნდა იზეიმოს და არა 26 მაისს. ამის შესახებ მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ოცნების“ მთავრობამ და პარტიამ საზეიმოდ აღიარეს ზვიად გამსახურდიას განსაკუთრებული დამსახურება საქართველოს წინაშე. აღინიშნა მისი ღვაწლი არა მარტო რეფერენდუმის ორგანიზებასა და ჩატარებაში, არამედ სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება 1991 წლის 9 აპრილს, რაც ამ თარიღით, 9 აპრილით არის ჩაწერილი საქართველოს კონსტიტუციის პირველსავე მუხლში. შესაბამისად, ალბათ მოვიდა დრო, როცა უნდა შეიცვალოს დამოუკიდებლობის აღნიშვნის თარიღი. ქვეყანამ თავისი დამოუკიდებლობა უნდა იზეიმოს სწორედ 9 აპრილს და არა 26 მაისს, როცა 1918 წელს ჟორდანიას მიერ მაშინდელი ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა, რაც სამ წელიწადში დავკარგეთ რუსული ჯარის შემოჭრისა და მაშინდელი მთავრობის უთავობით“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

დეპუტატის თქმით, საქართველო 70 წელი საბჭოთა რეჟიმის კოლონია იყო და მხოლოდ 1991 წელს ხელახლა მოიპოვა თავისუფლება ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივი ღვაწლით.

„დიახ, კოლეგებო, გამსახურდიას 9 აპრილი და არა ჟორდანია-შევარდნაძის 26 მაისი უნდა იყოს საქართველოში დამოუკიდებლობის საზეიმო დღე“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.