ნატო ჩხეიძე - ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ და მხოლოდ ევროპული გზა არის ეკონომიკური ზრდისა და პოლიტიკური უსაფრთხოების გარანტი
ნატო ჩხეიძე - ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ და მხოლოდ ევროპული გზა არის ეკონომიკური ზრდისა და პოლიტიკური უსაფრთხოების გარანტი

მართლმსაჯულების რეფორმა უმთავრესია და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაუკომპლექტობა აფერხებს ამ ორგანოს ეფექტურ მუშაობას; ეს რომ დადებითად ვერ გადაწყდეს, მოგეხსენებათ, რამდენად სავალალო იქნება საქართველოსთვის, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური ზრდისა და პოლიტიკური უსაფრთხოების გარანტი, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის მოადგილემ ნატო ჩხეიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ჩხეიძის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომმა დააჩქარა ევროკავშირის ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ. გამოგზავნილია კითხვარი და ელოდებიან პასუხებს თუ რამდენად შეასრულებს საქართველო კოპენჰაგენის კრიტერიუმებით განსაზღვრულ ვალდებულებებს. მისივე თქმით, კონსტიტუციის 65-ე მუხლის დარღვევამ, რომელიც უშუალოდ მართლმსაჯულების რეფორმას ეხება, შესაძლებელია ეჭვქვეშ დააყენოს პასუხების გულწრფელობა და შესაბამისად ქვეყნის ევროკავშირში მიღების საკითხი.

„იუსტიცის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს გაუვიდათ ვადა და მას შემდეგ აღარ გამოცხადებულა კონკურსი, რომელიც პარლამენტმა უნდა გამოაცხადოს. არასამთავრობო ორგანიზაციები, უმაღლესი სასწავლებლები, ადვოკატთა ასოციაციები ელიან როდის გამოცხადდება კონკურსი. ისინი გამოთქვამენ წუხილს და გულისწყრომას. მე ჩემი ვარაუდი მაქვს, რატომ გაჭიანურდა ასე ამ კონკურსის გამოცხადება, მაგრამ ისედაც რადიკალებს გვეძახით და ომის პარტიას და ამ ჩემი ვარაუდის გაჟღერებით არ მინდა დამბრალდეს, რომ ქაოსის და შუღლის სურვილი მაქვს მაგრამ იმას კი ვიკითხავ, რა მოხდა, ამ ცხრა თვის განმავლობაში რატომ ვერ გამოაცხადეთ კონკურსი და როდის გამოაცხადებთ, რომ ამით ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში მიღებას ხელი არ შეეშალოს, რადგან მართლმსაჯულების რეფორმა უმთავრესია და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაუკომპლექტობა აფერხებს ამ ორგანოს ეფექტურ მუშაობას. და ეს რომ დადებითად ვერ გადაწყდეს, მოგეხსენებათ, რამდენად სავალალო იქნება საქართველოსთვის, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური ზრდისა და პოლიტიკური უსაფრთხოების გარანტი“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.