ნათია თურნავა - თანამდებობიდან ჩემს წასვლაზე ნოსტრადამუსების წინასწარმეტყველება სასაცილო და არასერიოზულია
ნათია თურნავა - თანამდებობიდან ჩემს წასვლაზე ნოსტრადამუსების წინასწარმეტყველება სასაცილო და არასერიოზულია

თანამდებობიდან ჩემს წასვლაზე ნოსტრადამუსების წინასწარმეტყველება სასაცილო და არასერიოზულია, – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს კითხვაზე, შეესაბამება თუ არა სიმართლეს გავრცელებული ხმები, რომ ის თანამდებობას ტოვებს.

„მოვისმინე ერთ-ერთი ასეთი ჩვენი ადგილობრივი ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება, ეს იყო დეპუტატი კობერიძე, რომელიც გამოდიოდა თავისი წინასწარმეტყველებით და ეს არის მართლაც სასაცილო და არასერიოზული, არის იმ შავი პიარის ნაწილი, რასაც ზოგადად ცდილობს ოპოზიცია და უპირველესად, „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივია, რომელსაც სხვადასხვა სიტუაციური პარტნიორები ახმოვანებენ, ამ შემთხვევაში, დეპუტატი კობერიძე მოგვევლინა ნოსტრადამუსად. ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ შეიქმნას განცდა, თითქოს რაღაც ხდება მთავრობაში, მთავრობის ირგვლივ. მაგრამ, რასაკვირველია, თვითონ წყაროც არასერიოზულია, საუბარიც არასერიოზულია და მე სერიოზული კომენტარი ამაზე ვერ მექნება“, – განუცხადა ნათია თურნავამ ჟურნალიოსტებს.

ამასთან, ნათია თურნავამ უპასუხა შეკითხვას განათლების მომავალი მინისტრის შესახებაც.

„ყველაფერი თავის დროზე იქნება ცნობილი. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი, რომელსაც აქვს ლეგიტიმაცია, რომ განახორციელოს ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში, ამაზეც შეგატყობინებთ“, – განაცხადა თურნავამ.