უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობაზე პრეზიდენტის ინფორმირებისთვის კონკრეტული ფორმულირება შემუშავდება
უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობაზე პრეზიდენტის ინფორმირებისთვის კონკრეტული ფორმულირება შემუშავდება

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით კონკრეტული ფორმულირება იქნება შემუშავებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ განუცხადა, რომელმაც საბჭოსთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები თავდაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

მისი თქმით, არსებობდა წუხილი, რომ პრეზიდენტის ინფორმირებულობა არ იქნებოდა უზრუნველყოფილი იმ ცვლილებებით, რაც მთავრობას ჰქონდა წარმოდგენილი.

„ვთვლიდით, რომ ინფორმირებულობის საკითხი პრობლემური არ უნდა ყოფილიყო, თუმცა კონსულტაციები გაიმართა და მეორე მოსმენისთვის კონკრეტული ფორმულირება გვექნება. პრეზიდენტი საბჭოში ვერ იქნებოდა წარმოდგენილი, რადგან ეს უხერხულობას წარმოქმნის. ფორმულირება გვექნება ინფორმაციის მიწოდებასთან, ან მისი წარმომადგენლის საბჭოს სხდომაზე დასწრების უზუნველყოფასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მიქელაძემ.

უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრთან არსებული სათათბირო ორგანო, ანალიტიკური ცენტრი იქნება. ცვლილებებს პარლამენტი მეორე მოსმენის რეჟიმში განიხილავს.