ნათია მეზვრიშვილმა ვენეციის კომისიის მდივან თომას მარკერტთან საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის რეფორმა განიხილა
ნათია მეზვრიშვილმა ვენეციის კომისიის მდივან თომას მარკერტთან საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის რეფორმა განიხილა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვენეციის კომისიის მდივანს, თომას მარკერტს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ მიზანს, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებისთვის საქართველოში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის რეფორმის მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.

შეხვედრაზე ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმა შინაგან საქმეთა სამინისტროში კრიმინალური პოლიციის რეფორმის პარალელურად დაიწყო და საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების გამიჯვნის გზით, გამოძიების ხარისხის ამაღლებას ისახავს მიზნად. მეზვრიშვილის განცხადებით, სისხლის სამართლის პროცესის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების განსაზღვრისას ბალანსის დაცვა, დემოკრატიული და კანონის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებული სახელმწიფო მართვის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის კონცეფციაზე ვენეციის კომისიამ დასკვნა 2019 წლის მარტში მოამზადა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი.