ნათია მეზვრიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა მარიხუანის მოხმარება პირად სივრცეში, სხვაგან ყველგან ეს კანონპროექტი ითვალისწინებს მარწუხების მოჭერას
ნათია მეზვრიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა მარიხუანის მოხმარება პირად სივრცეში, სხვაგან ყველგან ეს კანონპროექტი ითვალისწინებს მარწუხების მოჭერას

საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა მარიხუანას მოხმარება პირად სივრცეში, სხვაგან ყველგან ეს კანონპროექტი ითვალისწინებს მარწუხების მოჭერას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ​პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მარიხუანას მოხმარების რეგულირების შესახებ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა. მან სხდომაზე დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა.

„ამ კანონპროექტის მიზანი არის მარწუხების მოჭერა ყველა გაგებით. მე ვადასტურებ აქაც, გარეთაც და ყველა პლატფორმიდან და ყველა შეხვედრაზე. დიახ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა მარიხუანას მოხმარება პირად სივრცეში, სხვაგან ყველგან ეს კანონპროექტი ითვალისწინებს მარწუხების მოჭერას. ეს კანონპროექტი გულისხმობს იმას, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკვერებში, პარკებში, სკოლებში არასრულწლოვნების თანდასწრებით, ვერავინ მოწევს მარიხუანას და თუ მოწევს დაეკისრება შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამას აქვს თავისი ლეგიტიმური მიზანი.

არ ვიცი, ახლა ჩვენ თუ იმაზე უნდა ვიკამათოთ არასრულწლოვნის თანდასწრებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოწევა უნდა ისჯებოდეს თუ არ უნდა ისჯებოდეს. მათ შორის იმ ქვეყნების მაგალითზე, რომლებიც თქვენ მოგყავთ მაგალითად, რომლის პრაქტიკასაც თქვენ ძალიან ხშირად იშველიებთ. არც ერთ ევროპის ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სკვერებში, სკოლებში, პარკებში, ბავშვების თანდასწრებით, არსად მარიხუანას მოხმარება დასაშვები არ არის“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრესი ამოცანაა, რომ დაიცვას მართლწესრიგი, საზოგადოებრივი წესრიგი და უპირველესად, ნარკოტიკული საშუალების გავრცელებას არ შეუწყოს ხელი.

„ეს გახლავთ ამ კანონპრექტის მიზანი და ეს არის ამ კანონპროექტის მთავარი ამოსავალი. თუ თქვენ მეუბნებით იმას, რომ თქვენ იქ დეტალებში წახვედით, რომ აი კვადრატული მეტრებზეა საუბარი და შენობის მახასიათებლებზეა საუბარი და ასე შემდეგ. დიახ, არის საუბარი იმიტომ რომ გარკვეული დღეების განმავლობაში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა სკოლებში და სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვნების მოზარდების მხრიდან მარიხუანას მოხმარების ფაქტების. ახლა თუ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენ არ გვჭირდება რეგულაციები და ყველას ყველგან შეუძლია მოიხმაროს და თუ იმაზე ვსაუბრობთ და ვერ ვაცნობიერებთ საფრთხეებს, რომ არასრულწლოვნებისთვის ამ ნარკოტიკული საშუალების თუნდაც მარიხუანას ხელმისაწვდომობას რა შედეგებამდე შეიძლება მივიყვანოთ, ნუ მაშინ საერთოდ ამ დისკუსიას აზრი არ აქვს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.