ნათია მეზვრიშვილი NDI-ის პრეზიდენტს - 31 ოქტომბერს არჩევნებზე უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობა და უსაფრთხოება კორონავირუსის გათვალისწინებით
ნათია მეზვრიშვილი NDI-ის პრეზიდენტს - 31 ოქტომბერს არჩევნებზე უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობა და უსაფრთხოება კორონავირუსის გათვალისწინებით

საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო და პანდემიის პირობებში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ნათია მეზვრიშვილის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის კახაბერ ქემოკლიძის და NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ვიდეოკონფერენციის ძირითადი თემები. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, საუბრისას ყურადღება გამახვილდა პანდემიის პირობებში კენჭისყრის დღეს უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობაზე. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ მიღებულია ყველა შესაბამისი ზომა, რათა არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს. უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობა და მათი, ისევე როგორც ამომრჩევლის, უსაფრთხოება კორონავირუსის გათვალისწინებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს როგორც პანდემიის, ასევე წინასაარჩევნო პერიოდისას დეზინფორმაციის უარყოფით გავლენებზე. ნათია მეზვრიშვილმა და კახაბერ ქემოკლიძემ ისაუბრეს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და განაცხადეს, რომ კრიზისის მართვის პირველი დღიდან საქართველოს მთავრობა აგრძელებს საზოგადოებისთვის დროული და სანდო ინფორმაციის მიწოდებას, რათა დეზინფორმაციით გამოწვეული უარყოფითი შედეგები მინიმუმამდე შემცირდეს.

ვიდეოკონფერენციაში NDI-ის მხრიდან – ნიუ ჯერსის ყოფილი გუბერნატორი კრისტინ ვაითმენი, NDI-ის ევრაზიის პროგრამების რეგიონული დირექტორი ლორა ჯუიტი, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილემი, NDI-ის არჩევნების გუნდის წევრი სარა კუპერი და NDI-ის საქართველოს საპარლამენტო პროგრამის მენეჯერი თეონა ყუფუნია მონაწილეობდნენ.