ნათია მეზვრიშვილი - გიორგი გახარია ხვალ დეპუტატების ყველა კითხვას უპასუხებს
ნათია მეზვრიშვილი - გიორგი გახარია ხვალ დეპუტატების ყველა კითხვას უპასუხებს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შს მინისტრი გიორგი გახარია ხვალ ყველა კითხვას უპასუხებს, რაც დეპუტატებს ექნებათ.

როგორც ჟურნალისტებს მეზვრიშვილმა განუცხადა, კითხვები აქვს არა მხოლოდ უმცირესობასა და ოპოზიციას, არამედ უმრავლესობას, მათ შორის, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე.

„გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ რაც შეიძლება ფართო საზოგადოებას ვესაუბროთ იმ საკითხებზე, რაზეც მინისტრთან კითხვები არსებობს. ყველა დეპუტატის კითხვას პასუხებს გავცემთ. პარლამენტში დაგვიბარეს, მოვდივართ, მანამდეც არაერთხელ დავუბარებივართ და მოვედით. პარლამენტში ყოველთვის ვცხადდებოდით. ახალი რეგლამენტის პირობებში საპარლამენტო კონტროლი კიდევ უფრო გაძლიერებულია და ამ ნორმების ფარგლებში მოვდივართ და პარლამენტში ყველა აქტუალურ საკითხზე ვისაუბრებთ. გიორგი გახარია ყველა კითხვას უპასუხებს, რაც დეპუტატებს ექნებათ”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

პირველი არხის კითხვაზე, ოპოზიციის დაბარების შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვევა თუ არა საპარლამენტო კომიტეტს, მეზვრიშვილი პასუხობს, რომ ამ საკითხზე პარლამენტის წინაშე წარდგომის შემდეგ ისაუბრებს.

„ვიცი, რომ მინისტრთან აქტუალური კითხვები იქნება, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან. როგორც ამბობენ, მინისტრის მიმართ მწვავე კითხვები არსებობს. ვნახოთ, პარლამენტის წინაშე წარდგომას რამდენად კარგად გავართმევთ თავს. ამ საკითხზე შეგვიძლია შემდეგ ვისაუბროთ”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.