ნათია დანელიას ტრანსფერი „სარაევოში“ სავიზო პრობლემების გამო ჩაიშალა #1TVSPORT
ბოსნიურ კლუბ „სარაევოში“ ნათია დანელიას ტრანსფერი იურიდიული პრობლემების გამო ჩაიშალა. საქართველოს ქალთა ნაკრების ნახევარმცველი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „ლუსოში“ გააგრძელებს.
ბოსნიურმა ქალთა საფეხბურთო კლუბმა, „სარაევო 2000“-მა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ნათია დანელიას ტრანსფერი თებერვალში ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა მოგვიანებით პრობლემები შეიქმნა.
„ნათია დანელია საქართველოში დაბრუნდა. ბოსნიელებმა ვერ მოაგვარეს სამუშაო ვიზის პრობლემა, რაც ამ ყველაფრის ერთადერთი მიზეზია. ნათიასთვის, ალბათ, ემოციურად ძალიან რთულია ის, რაც მოხდა. გავამხნევოთ და „ლუსოში“ წარმატება ვუსურვოთ“, – ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი „ქალთა ფეხბურთი“ ავრცელებს.
საქართველოს ნაკრების 21 წლის მოთამაშე ბალკანეთში გამგზავრებამდე „კვარტალში“ თამაშობდა, რომელმაც გასულ სეზონში ჩემპიონატი ვიცე-ჩემპიონის სტატუსით დაასრულა. დანელიას ახალი გუნდი „ლუსო“ მის ყოფილ კლუბს ერთი ადგილით ჩამორჩა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 34 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე კი 4 გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა. ნათია დანელია 2023 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შემაჯამებელ ღონისძიებაზე წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად აღიარეს.