ნათან ჯუნიორი „სამტრედიას“ ფეხბურთელია
ნათან ჯუნიორი „სამტრედიას“ ფეხბურთელია

ეროვნული ლიგის კლუბმა, „სამტრედიამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნათან ჯუნიორი „სამტრედიას“ ფეხბურთელი გახდა. თუმცა კლუბის განცხადებაში მითითებული არაა, ბრაზილიელმა თავდამსხმელმა კონტრაქტი რა ვადით გააფორმა. საქართველოს პირველი არხი დაინტერესდა და დაადგინა, რომ ნათან ჟუნიორი გუნდში დეკემბრამდე ითამაშებს.

„სამტრედიას“ ახალი ფეხბურთელი 2012 წელს გორის „დილაში“ თამაშობდა. 31 წლის ბრაზილიელმა კარიერა კვიპროსის ფამაგუსტას „ანორთოსისში“ დაიწყო.

2007 წელს ლატვიაში, რიგის „სკონტოში“ გადავიდა და 2011 წელს ლატვიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვა. 2012 წლის იანვარში, ავსტრიული კლუბ „კაპფენბერგში“ გადავიდა, ზაფხულში კი „დილაში“ ჩაირიცხა.

ნათან ჯუნიორი მას შემდეგ თამაშობდა რუსეთში, პორტუგალიაში, საუდის არაბეთში, იაპონიაში, ბოლოს კი ისევ პორტუგალიაში დაბრუნდა და ვიზეუს „აკადემიკაში“ გამოდიოდა.