ნატალია საბანაძე - ევროკომისიაში 21 ნოემბრისთვის დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრა უნიკალური შესაძლებლობაა და ეს ხდება პირველად
ნატალია საბანაძე - ევროკომისიაში 21 ნოემბრისთვის დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრა უნიკალური შესაძლებლობაა და ეს ხდება პირველად

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიუსელში 21 ნოემბრისთვის დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრა უნიკალური შესაძლებლობაა და ეს ხდება პირველად, – ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალია საბანაძემ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრას უხელმძღვანელებს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი.

„შეხვედრა საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის არის უნიკალური შესაძლებლობა, ეს ხდება პირველად. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ჩამოვლენ ბრიუსელში და დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

ევროკავშირის მხრიდან კომისრების დიდი რაოდენობა იქნება წარმოდგენილი, მათ კომისრების კოლეჯს უწოდებენ. შეხვედრას უხელმძღვანელებს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი. იქნება პლენარული სხდომა, სადაც განიხილავენ ძალიან ბევრ საკითხს, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებას და ბოლო მოვლენებს.

იქნება ზოგადი პოლიტიკური მიმოხილვა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ეს არ არის შეხვედრა შეხვედრისთვის. თანამშრომლობის ამ უმაღლესს ფორმატს თავისი მიზანი აქვს. ეს არის საქართველოს ინტეგრაციის წინ წაწევა ეკონომიკური და სექტორული მიმართულებით. პლენარული შეხვედრის მერე დაიყოფა სამ კლასტერად და იქნება შეხვედრები ეკონომიკური მიმართულებით, განათლების მიმართულებით, შიდა უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების მიმართულებით. გარკვეული შედეგებიც იქნება, რომელსაც დავაანონსებთ და ის თემები, რომლებზეც საჭირო იქნება მუშაობა, წლის განმავლობაში გაგრძელდება“, – აღნიშნა ნატალია საბანაძემ.